გუშინ დაიწყო ბრძოლის ახალი ეტაპი, ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს - მშვენიერაძე

პუბლიკა

„შეიძლება, ივანიშვილი ფიქრობს, რომ გუშინ რაღაც დამთავრდა და მოისვენებს, მაგრამ ასე არ იქნება. გუშინ დაიწყო ამ ისტორიული ბრძოლის ახალი, ოლიგარქიისთვის უფრო საშიში და რთული ეტაპი“, – წერს მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მშვენიერაძე 3 ივლისის აქციის შესახებ.

მისი თქმით, 3 ივლისს ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს რაიმეს დათმობას, რადგან მისთვის თავისი სკამი უფრო ძვირფასია, ვიდრე ამ ქართველი ხალხის ევროპული მომავალი.

„ის იანუკოვიჩზე უარესს ჩაიდენს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ეს ხალხი როგორც ბატონს ყმები ისე „უყვარს“ და არასდროს დაიშურებს მათთვის მათრახს. ეს დროა მოცემულობად მივიღოთ და მზად ვიყოთ. ის ვერ იტანს დასავლურ ფასეულობებს, დემოკრატიას – სადაც მართავს ხალხი და არა მეფე; თავისუფლებას – სადაც მონები არ არსებობენ, რადგან თავად ერთი მხრივ მონათმფლობელია, ხოლო მეორე მხრივ მონა; თანასწორობას – რადგან თანასწორად არავინ მიაჩნია“, – წერს ის.

როგორც გიორგი მშვენიერაძე წერს, შექმნილი მდგომარეობა საჭიროებს მართებულ ანალიზს. მშვენიერაძის განმარტებით, 3 ივლისის აქციაზე ხალხი და აქციის ორგანიზატორები „ერთმანეთს აცდნენ და გამოტანილი დასკვნები გაკვეთილი უნდა იყოს“. 

„ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ არსებული მდგომარეობა ჩვენგან მოითხოვს გაცილებით მწვავე მოქმედებას, რასაც სჭირდება გონიერება – რათა გულმა არ სძლიოს ტვინს, რწმენა – რომ გამარჯვება გარდაუვალია და სიმამაცე – რომ მუდმივად მზად იყო თავგანწირვისთვის.

შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გუშინ რაღაც დამთავრდა და მოისვენებს, მაგრამ ასე არ იქნება. გუშინ დაიწყო ამ ისტორიული ბრძოლის ახალი, ოლიგარქიისთვის უფრო საშიში და რთული ეტაპი. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, წინ ევროკავშირია. წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ“, – წერს ის.

LB loan image desktop LB loan image mobile