გუშინ დაკავებულებს შსს-მ დაკავების 24-საათიანი ვადა 48 საათამდე გაუგრძელა - საიას თავმჯდომარე

პუბლიკა

ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ გუშინ დაკავებულებს, მათ შორის, ედუარდ მარიკაშვილსა და საბა ბრაჭველს შსს-მ დაკავების 24 საათიანი ვადა 48 საათამდე გაუგრძელა.

„ეს წესი 2 წლის წინ შეიცვალა. პარლამენტმა შსს-ს მისცა უფლება, დაკავების ვადა ერთჯერადად, 24 საათით გაეგრძელებინა. კანონის თანახმად, ეს მხოლოდ მაშინ უნდა იყოს შესაძლებელი, თუ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით შსს ასაბუთებს, რომ დაკავების ვადის გაგრძელება მიზანშეწონილია. თუმცა, რეალობაში, დაკავების ვადის გაგრძელების პრაქტიკა, ისევე როგორც მთლიანად სამართალდარღვევათა კოდექსი, სადამსჯელოდ გამოიყენება, ვიდრე რეალური საჭიროებისთვის.

ამას ადასტურებს სტატისტიკაც. მაგალითად, 2023 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატრორში მყოფი 1994 დაკავებულიდან, დაკავების ვადა გაუხანგრძლივეს 220 პირს. თითქოს ამ სტატისტიკაში უცნაური არაფერია, დაახლოებით 11% -ს გაუხანგრძლივდა დაკავების ვადა. თუმცა, აქ უფრო საინტერესო ისაა, ვისაც გაუხანგრძლივდა, მათგან რამდენი იყო აქტივისტი. ამის ზუსტად თქმა ახლა არ შემიძლია, თუმცა, ეს პერიოდი ემთხვევა მარტის აქციებს და მასშტაბურ დაკავებებს.

7-8 მარტის აქციებზე დაახლოებით 100 ადამიანი იყო დაკავებული, რომელთაგან თითქმის ყველას გაუხანგრძლივდა დაკავების დრო. რატომღაც, დაკავების გახანგრძლივებას მიზანშეწინილად შსს ძირითადად აქტივისტების შემთხვევაში მიიჩნევს, “- წერს ნონა ქურდოვანიძე.


გუშინ, საღამოს პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო ადვოკატი შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს), ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე დააკავეს. შსს-ზე დაყრდნობით სულ აქციაზე 7 ადამიანი დააკავეს.  აქციის მონაწილეთა დაკავების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ მოქალაქეები, უფლებადამცველები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.