გუშინ მოვახერხეთ, მიგვეღწია პროგრესისთვის, დღესაც ამ მიმართულებით ვაპირებთ მუშაობას – ჰარცელი

პუბლიკა

ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების ერთი-ერთი შუამავლის, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, გუშინდელ, 7 დეკემბრის რაუნდზე პროგრესი იყო, დღესაც ამ მიმართულებით აპირებენ მუშაობას.

„ვფიქრობ, გუშინ საერთო ჯამში კარგი განხილვა გვქონდა. ჩვენ მოვახერხეთ, შევხებოდით ყველა საკითხს, რაც დიალოგის ფარგლებში განიხილება. ასევე, მოვახერხეთ, მიგვეღწია პროგრესისთვის გაგების გაღრმავებაში. დღესაც ამ მიმართულებით ვაპირებთ მუშაობას. გავაგრძელებთ იმის დანახვას, რამდენად შორს შეგვიძლია წასვლა საერთო პლატფორმის მხრივ. სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენ, ფასილიტატორები მუშაობას პარლამენტის გახსნამდე, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

აბსოლუტურად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე ვფრთხილობ, ეს იქნება ყველასთვის მძიმე გადაწყვეტილებები. ყველამ გადადგა ნაბიჯი და ვნახავთ, რას მივაღწევთ. როგორც ვთქვი, ეს იქნება რთული, მოითხოვს ლიდერობას და პასუხისმგებლობას, რომ მივიდეთ დასახულ ადგილამდე.

მზად ვარ იმდენი მოლაპარაკების რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება, ვიდრე არ მივაღწევთ პროგრესს, მაგრამ ძალიან ადრეა იმის თქმა, რას მოიტანს ხვალინდელი დღე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კარლ ჰარცელის განცხადების თარგმანს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, სავარაუდოდ, დღეს, 8 დეკემბერს მოლაპარაკების მომდევნო, IV რაუნდი გაიმართება.

მხარეები აცხადებენ, რომ პროცესში პროგრესია, კომპრომისი ზოგიერთ თემაზე გამოჩნდა, მაგრამ არა ახალი ან რიგგარეშე არჩევნების საკითხზე. „ქართული ოცნებისთვის“ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა კვლავ „წითელი ხაზია“.