გუშინ რაც ვიხილე, იყო ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია პროევროპული არჩევანის - ჰარცელი

პუბლიკა

გუშინ რაც ვიხილე, იყო ძალიან დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია საქართველოს პროევროპული არჩევანის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. ელჩის კომენტარს „პირველი არხი“ ავრაცელებს.

„პოლიტიკურ ხასიათთან დაკავშირებით კომენტარები გვერდზე გადავდოთ. არ გავაკეთებ კომენტარს, მხოლოდ ვიტყვი, რომ კანონიერ, მშვიდობიან ჩარჩოებში დარჩენა არსებითია. რაც გუშინ მოვისმინე იყო ის, რომ გარეთ გამოვიდა ძალიან ბევრი რიგითი ქართველი, რომელთაც სურთ, საქართველომ ისარგებლოს მომენტით, შესაძლებლობით, რომელიც ახლა ევროკავშირის მხრიდან მიეცა და გადადგას სწორი ნაბიჯები წინ, რეალურად წინ წაწიოს საქართველოს ევროპული დღის წესრიგი.

ნებას თუ დამრთავთ, შეგახსენებთ იმას, რაც კომისიამ თქვა პარასკევს. უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ევროკავშირის მომავალი წევრი, რაც არ აგვერიოს მკაფიო „დიახში“ ევროპული კომისიისგან.“

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში ევროპული საბჭოს წევრი სახელმწიფოები დაასკვნიან იმავეს, რაც ევროპულმა კომისიამ.

„გუშინ მოვუსმინეთ პრეზიდენტ მიშელს, რომელიც კარგად არის ცნობილი ამ ქვეყანაში, მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა დროა, გავაცნობიეროთ, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში მომავალი აქვთ. ამ ძლიერი გზავნილებით, ამავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მოსაზრება ნაკლებად სახარბიელო იყო, ვიდრე მოლდოვისა და უკრაინისთვის, რაც ხაზს უსვამს ახლა გადამჭრელი ნაბიჯების მიღების საჭიროებას ამ მისწრაფებების დემონსტრირებისთვის. ამისთვის ჩვენ გვაქვს შესასრულებელი საქმეები.

ევროპული კომისია ამბობს, რა მოთხოვნები აქვს შესასრულებელი საქართველოს წინსვლისთვის. ვიმედოვნებ, უახლოეს დღეებში ევროპული საბჭოს წევრი სახელმწიფოები დაასკვნიან იმავეს, რაც ევროპულმა კომისიამ. რის შემდეგაც გზავნილი იქნება ძალიან მკაფიო, საქართველოს ევროპული ბედი საქართველოს ხელშია და დაუღალავად მუშაობის დროა აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად დღის წესრიგის წინსვლისთვის“, – განაცხადა ჰარცელმა.


გუშინ, 20 ივნისს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა – „შინ, ევროპისკენ”.

აქციის ორგანიზატორებმა მომდევნო აქცია 24 ივნისს დააანონსეს, სადაც მათი თქმით, საზოგადოების წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა. ახალი მოძრაობა, რომელსაც „სირცხვილიას“ თქმით, სათავეში ჩაუდგება ხალხი, წამოაყენებს მოთხოვნებს. მოთხოვნების შეუსრულებლობა კი სახალხო დაუმორჩილებლობას განაპირობებს.


17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ თანდართული პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღონ.

საქართველოს შემთხვევაში კი, ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და მოგვიანებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

LB loan image desktop LB loan image mobile