გვახსოვს, 1991 წელს როგორ არ შევიდა საქართველო დსთ-ში და მეორე დღეს დაიწყო ომი - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „POS TV-ის“ ეთერში გაიხსენა 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს გადაწყვეტილება დსთ-ში არშესვლასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ამის შემდეგ, მეორე დღეს დაიწყო სამოქალაქო ომი – „ეს 3-წლიანი ისტორია არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმისა, თუ კონკრეტულ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებამ რა შედეგებამდე შეიძლება მიგიყვანოს. ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული 90-იან წლებში“.

„როცა პოლიტიკაზეა საუბარი, იქ მთავარია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ გვახსოვს ბრჭყალებში – „გაბედული, თამამი გადაწყვეტილებები“ 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული. თქვენ გახსოვთ ისტორია, როგორ არ შევიდა საქართველო დსთ-ში, შემდეგ როგორ დაიწყო მეორე დღეს სამოქალაქო ომი. ორ წელიწადში როგორ დავკარგეთ აფხაზეთის 80% და ცხინვალის რეგიონის ნახევარი, და მერე ისევ როგორ დავასრულეთ დსთ-ში შესვლით. ანუ ეს 3-წლიანი ისტორია არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმისა, თუ კონკრეტულ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებამ რა შედეგებამდე შეიძლება მიგიყვანოს. ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული 90-იან წლებში, მომდევნო დეკადაში. და ჩვენ რომ ვამბობთ, რომ საქართველოში არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია – ეს არის არამარტო შემთხვევითობა და გამართლება „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ეს არის ჩვენი პოლიტიკის პრაგმატული, რაციონალური კარგად გააზრებული პოლიტიკის შედეგი“, – განაცხადა კობახიძემ .

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა „არსებითად და არსობრივად“ განსხვავდება წინა ხელისუფლების პოლიტიკისგან.

„რაციონალური პოლიტიკით ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მაქსიმალურად დავიცავით ჩვენი ქვეყანა, მისი უსაფრთხოება, სტაბილურობა და სწორედ ამის შედეგია ის, რომ ჩვენ არ გვქონია ომი მთელი ეს პერიოდი, გასული 9 წლის განმავლობაში და ეს მონაპოვარი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ – სტაბილურობა, უსაფრთხოება, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი თავისუფლებასთან ერთად – ეს უნდა შევინარჩუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ბუნებრივია, ძალიან მძიმე და ჩვენ მათ ვერ შევყვებით ისეთ ნაბიჯებში, რისკენაც მოგვიწოდებენ და როგორმა ნაბიჯებმაც ჩვენს ქვეყანას შედეგად მოუტანა წინა ხელისუფლების პირობებში ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების გადაცემა და ა.შ. ჩამონათვალი არის ძალიან ვრცელი. შესაბამისად, მათ ჰქონდათ თავიანთი საგარეო პოლიტიკა და ქვეყანას დაუტოვეს უმძიმესი მემკვიდრეობა თავიანთი საგარეო პოლიტიკით, ახლა მათ ჩვენ უნდა გვაცადონ ჩვენი საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომლის შედეგებიც არის უსაფრთხოება, სტაბილურობა, მშვიდობა, სიმშვიდე და ეს არის ყველაფერი განვითარების აუცილებელი წინაპირობა“, – განაცხადა კობახიძემ.


1991 წლის 8 დეკემბერს ბელარუსის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დაარსების შესახებ შეთანხმებას. თანამეგობრობის გაფართოების ფარგლებში 1991 წლის 21 დეკემბერს ყაზახეთში 15 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის (ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და საქართველოს გარდა) ლიდერებმა ხელი მოაწერეს დსთ-ის შექმნის შესახებ შეთანხმების ოქმს, რომლის მიხედვითაც სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და ტაჯიკეთი დსთ-ის წევრები გახდნენ.

ამ პერიოდში საქართველო ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად დსთ-ში გაწევრებისკენ არ ისწრაფოდა, თუმცა 1991-93 წლებში სამოქალაქო და აფხაზეთის ომის, პოლიტიკური, ეკონომიკური კრიზისისა და რუსეთის ზეწოლის პირობებში 1993 წლის 8 ოქტომბერს საქართველომ მიმართა დსთ-ის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს დსთ-ში გაწევრების წინადადებით, რაც ძალაში შევიდა 1993 წლის 3 დეკემბერს.

მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 12 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე განაცხადა, რომ საქართველო დსთ-ს დატოვებს და რუსული ჯარები „საოკუპაციო ძალებად“ გამოცხადდებიან. 14 აგვისტოს პარლამენტმა შესაბამის დადგენილებას მხარი ერთხმად დაუჭირა. 2009 წლის 18 აგვისტოს დსთ-დან საქართველოს გამოსვლის ფორმალური პროცედურა დასრულდა.