გვანახონ, როდის გამოდის შავნაბადას ტერიტორიიდან 3 შავი ჯიპი - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

პუბლიკა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით პროკურატურამ სრულად არ გაასაჯაროვა ვიდეომასალა.

რამიშვილის თქმით, ის პროკურატურასთან შეთანხმებული იყო, რომ უწყება მას ერთი კვირის ვიდეოჩანაწერს აჩვენებდა, სადაც ასახული იქნებოდა სუს-ის ჯიპების გადაადგილება, თუმცა პროკურატურამ მას ეს მასალა არ გააცნო.

„ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რაში დასჭირდა პროკურატურას, რომ მაინც და მაინც ეს პატარა მონაკვეთი ენახებინა, თუ როგორ შედიან ბაზაზე. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც პირდაპირ ტაბახმელის გზით უკავშირდება მაწევანს. არის გადასასვლელი, ძალიან მარტივი გზა, რომელიც პირდაპირ მაწევანში ჩადის. ჯიპს ყველაზე მარტივად შეეძლოთ ჩასულიყო მაწევანში. აქედან გამომდინარე, დამატებით ვსვამ კითხვებს, სად არის ჩანაწერები, საიდანაც ნათლად გამოჩნდება, რა მარშრუტი, რომელი გრაფიკით გადაადგილდება რუსთავის სამხედრო ბაზიდან, თუ არსესებობს რუსთავში ასეთი სამხედრო ბაზა. ჩვენ მოლაპარაკებული ვიყავით, რომ აღნიშნული ერთი კვირის მარშრუტი პირადად უნდა მენახა“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, მისი და ბაჩალიაშვილის ოჯახის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ პროკურატურამ მათ სრული ჩანაწერი გააცნოს.

„ოჯახის და ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ მოგვცენ ჩანაწერი, რომელ საათზე და რა დროს გამოდის აღნიშნული ჯიპები სამხედრო ბაზიდან. თუ არ გამოდის, მაშინ რამდენი ხანი რჩება აღნიშნული სამი ჯიპი სამხედრო ბაზაზე“, – თქვა მან.


დღეს პორკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანისა და სუს-ის სამი ავტომობილის გადაადგილების კადრები გაავრცელა.

როკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან და აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე.  ხოლო თამარ ბაჩალიაშვილმა კუთვნილი ავტომანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გადაადგილება ჯერ ფონიჭალის მიმართულებით, ხოლო შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე.