გვაქვს 5 ახალი შემთხვევა, ამ ეტაპამდე ვერ გავდივართ პირველწყაროზე - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით,  საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ მან სააგენტო „ინტერპრესნიუსს“განუცხადა.

მისი თქმით, ხუთივე შემთხვევაში დაინფიცირების წყარო უცნობია, ეპიდემიოლოგები პირველწყაროზე ვერ გადიან.

„დღეს დილისთვის გვქონდა 4 ახალი შემთხვევა, რომლის ყველა წყარო დადგენილია, მაგრამ დღის განმავლობაში გვაქვს შემთხვევების გარკვეული რაოდენობა, არც თუ ბევრი, მაგრამ გეტყვით პირდაპირ –  ხუთი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, როდესაც ახლა მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ 5 შემთხვევიდან ამ ეტაპამდე ვერ გავდივართ პირველწყაროზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებაში იქმნება ილუზია იმისა, თითქოს კორონავირუსი დამარცხდა, რაც შეცდომა და მაღალი რისკის შემცველია.

„იქმნება ილუზია საზოგადოებაში, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია, გავიმარჯვეთ და რომ შეგვიძლია, ისევ ისე დავუბრუნდეთ იgივე ცხოვრების რიტმს, რაც გასული წლის ამ დროს იყო. არა ბატონებო, კორონავირუსული ინფექცია, პანდემია გრძელდება მთელ მსოფლიოში, კორონავირუსი ცირკულირებს ჩვენს ქვეყანაში და ამ ტიპის მიდგომა და ილუზიის შექმნა შეიძლება, აღმოჩნდეს ძალიან მაღალი რისკის შემცველი“,- თქვა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ყველამ უნდა დაიცვას ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა.

მონაცემები განახლდა stopcov.ge-ზეც. ვებგვერდის მიხედვით საქართველოში ეპიდემიური სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 827
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 690
  • მათ შორის გარდაცვლილი – 13
  • კარანტინის რეჟიმში – 3230
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3