გვაქვს ადგილები, სადაც ჯერ მოსახლეობასთან ვერ მივედით, 40-მდე სახლია დაზიანებული - ლანჩხუთის მერი

პუბლიკა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ამბობს, რომ დიდთოვლობის გამო ზოგიერთ სოფელში მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მისი განცხადებით, თოვლის საფარმა ამ სოფლებში 2 მეტრსა და 20 სანტიმეტრს გადააჭარბა.

მერი ამბობს, რომ 40-მდე სახლია დაზიანებული და კიდევ უფრო მეტი ზარი შესდით დახმარების თხოვნით.

„ლანჩხუთში ინტენსიური თოვის შედეგად შეიქმნა სერიოზული პრობლემები. უკვე მერამდენე დღეა, გადაუღებლად თოვს. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე დაიწყო მუშაობა, ის ტექნიკა, რომელიც იყო მობილიზებული, ფიზიკურად ვერ ახერხებს თოვლის წმენდას. საჭიროა მხოლოდ ე.წ. მუსენიციანი, რკინის საბურავებიანი ტექნიკის მუშაობა. გვაქვს ისეთი ადგილები, სადაც ჯერ ფიზიკურად მოსახლეობასთან ვერ მივედით და კომუნიკაცია არ გვაქვს, თოვლის საფარმა ამ სოფლებში 2 მეტრსა და 20 სანტიმეტრს გადააჭარბა, მათ შორის ქალაქშიც უკვე მეტრამდეა თოვლი, ყველა სამსახური ჩართულია, 24-საათიანი მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ როგორც კი იწმინდება თოვლი, იმდენად ინტენსიური თოვაა, ფაქტობრივად, ისევ თავიდან საწმენდი ხდება. ამ ეტაპისთვის შემიძლია ვთქვა, რომ კვლავ უმძიმესი მდგომარეობაა. მოსახლეობა ითხოვს შველას, 40-მდე სახლია დაზიანებული, უფრო მეტი ზარი შემოდის, რომ სახლები იმტვრევა თოვლის მასიდან გამომდინარე“, – ამბობს მერი „რუსთავი 2“-თან.