გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს Deepfake-ის გამოყენებით - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება პროვოკაციების რისკი და იმატებს სიცრუის ტირაჟირება. კობახიძემ მოუწოდა საზოგადოებას, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდნონ ტელევიზიებით თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით,  როგორიცაა Deepfake. შეგახსენებთ, რომ ამგვარი პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. ამგვარი მასალები სოციალურ ქსელებში შეიძლება განთავსდეს არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ განცხადების შემდეგ ჟურნალისტები კობახიძეს ჩაეკითხნენ, თუ რა სახის მასალის გაყალბებას აპირებდნენ ოპოზიციონერები:

„ეს არის, ე.წ. deepfake (დიპფეიკი), რომლითაც შეიძლება არამხოლოდ ხმის გაყალბება, არამედ ასევე ვიდეოგამოსახულების. ამაზე ჩვენ დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ ინფორმაცია, რომ ამ პროგრამის გამოყენებით დაგეგმილია გარკვეული მასალების მოპოვება.

მიზანი არის მორიგი ფეიკნიუსის, მორიგი დეზინფორმაციის გავრცელება უკვე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად, შეიძლება „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი ვიდეოგამოსახულების მეშვეობით ამბობდეს იმას, რასაც რეალურად არ ამბობს. ნებისმიერი, შეიძლება მე ვიყო, შეიძლება ივანიშვილი იყოს, შეილება იყოს კალაძე, გახარია და ა.შ. მეტი დეტალი არ ვიცით“, – განაცხადა კობახიძემ.