როგორც ჩანს, მართლა პარანოიდული შიში აქვს დაწყებული ხელისუფლებას - სამადაშვილი კობახიძის განცხადებაზე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც კობახიძე აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს Deepfake-ის გამოყენებით.

„როგორც ჩანს, მართლა პარანოიდული შიში აქვს დაწყებული ხელისუფლებას და მათ წარმომადგენლებს, რომ არჩევნების შედეგები იქნება სრული კრახი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, მხოლოდ მას შეუძლია, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილს მეგობრული რჩევა მისცეს – დაიწყონ შეგუება ამ გარდაუვალ მარცხთან.

„თუ ივანიშვილს დაქირავებული კონსულტანტები ჰყავს, ურჩიონ მას, რომ უფრო სტაბილური ადამიანები მოძებნოს, ვინც მისი სახელით ისაუბრებს, იმიტომ, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობას შეუქმნიან კობახიძე და მისი მსგავსი ხალხი ივანიშვილს და ქართულ ოცნებას“, – განაცხადა სამადაშვილმა.


დღეს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება პროვოკაციების რისკი და იმატებს სიცრუის ტირაჟირება.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით,  როგორიცაა Deepfake. შეგახსენებთ, რომ ამგვარი პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი შესაძლებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.