გვაქვს ინიციატივა, რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესდეს 1000-ლარიანი საოკუპაციო შენატანი - ბეჟაშვილი

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიას აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, „ოკუპაციის შესახებ კანონში“ შევიდეს ცვლილებები.

მისი თქმით, ცვლილებები ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა თქვა, საოკუპაციო თანხის შენატანის თანხა ლარებში იქნება 1000 ლარი თითოეულ მოქალაქეზე.

„ხელისუფლებას, საზოგადოებას ვთავაზობთ კონკრეტული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებას. რუსეთის ფედერაციის მხრიდან რუსეთის მოქალაქეთა უკონტროლო შემოდინებამ, მიგრაციამ ძალიან დიდი მასშტაბები მიიღო, რაც უკავშირდება ქვეყნის, როგორც შიდა უსაფრთხოების საკითხებს, ასევე ფინანსურ უსაფრთხოებას და მთელ რიგ რისკებთან არის დაკავშირებული.

ეს საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას და კითხვის ნიშნებს წარმოშობს. შესაბამისად, ჩვენი პარტია და საპარლამენტო ფრაქცია გამოდის ინიციატივით, რომ „ოკუპაციის შესახებ კანონში“ შევიდეს ცვლილებები, რომლითაც ჩვენ გავაკეთებთ პოლიტიკურ განაცხადს ამ პროცესთან მიმართებაში.

აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას. საოკუპაციო თანხის შენატანის თანხა იქნება ლარებში – 1000 ლარი თითოეულ მოქალაქეზე.

ამ გადახდის უზრუნველყოფით, ერთი მხრივ გარანტირებული იქნება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან აღიარება იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და რუსეთი არის აგრესორი. ამავე დროს, ეს შენატანი გარკვეული შემაკავებელი ფაქტორიც უნდა გახდეს, რომ თუ მათ არ სურთ ამის აღიარება და თანხის გადახდა, შეუძლიათ, არ ისარგებლონ ამ შენატანით და არც შემოვიდნენ საქართველოში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

როგორც დეპუტატი ამბობს, ეს თანხა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო შემოსავალი იქნება და დევნილების საჭიროებებს მოხმარდება.