გვაქვს მისამართები, სადაც უკანონო მშენებლობებია და დემონტაჟს უნდა დაექვემდებაროს - კალაძე

პუბლიკა

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მუნიციპალური მიწების „მიტაცებასა და უკანონო მშენებლობების“ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული მისამართები, სადაც მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა სახელმწიფო მიწებზე, მიტაცებული აქვთ და მინდა დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ კახა გულედანს, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ – მიეცით ამ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, რომ თავადვე მოახდინონ დემონტაჟი გარკვეულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, განახორციელეთ ამ მშენებარე ნაგებობების დემონტაჟი. კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ძალიან პრინციპულnი ვიქნებით ასეთი უკანონობის წინააღმდეგ“, – განაცხადა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უსახლკაროs სტატუსის მქონე ყველა ადამიანი საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი, თუმცა დასძინა, რომ „ასეთი კრიმინალური საქმიანობის უკან დგანან ადამიანები, რომლებსაც 2-3 საცხოვრებელი ბინა აქვთ, რეგიონებში ჰექტრობით მიწები აქვთ, ეწევიან სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობას და ა.შ.“. 

თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს მოქმედებისკენ მოუწოდა და საჭიროების შემთხვევაში, საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„არასდროს შევეგუებით უკანონობას, არასდროს შევეგუებით გარკვეული კრიმინალური ჯგუფების მხრიდან დედაქალაქის მასშტაბით მიწების მიტაცებას და ამ მიწებზე შემდეგ უკანონო მშენებლობებს. ეს მიწები არის ჩვენი ყველასი ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების“, – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები კერძო ნაკვეთებზეც იწყებენ მშენებლობებს. მისივე თქმით, მსგავს შემთხვევებს ყოველთვის მოჰყვება რეაგირება და მსგავსი შენობები დემონტაჟს დაექვემდებარება.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ  ყველა იმ ოჯახს, რომელსაც აქვს სახლის პრობლემა (მისი ინფორმაციით, თბილისში ეს პრობლემა 400-მდე ოჯახს აქვს), საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი.

„ჩვენ 2022 წელს ვიწყებთ ამ პროგრამის [საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის] განხორციელებას, ეს იყო ჩემი საარჩევნო დაპირება, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი ოჯახი არ გვეყოლებოდა. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს გადაეცემათ მუნიციპალური საცხოვრისი და ის პრობლემა, რაც აქვთ დღეს, მოხსნილი იქნება, მაგრამ მიწები დატაცება და უკანონო მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კალაძემ.


„პუბლიკის“ მიერ მერიისგან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის ნოემბრიდან 2020 წლის 26 იანვრის ჩათვლით უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის კომისიამ მიიღო 4491 ოჯახის (14 340 პირი) განაცხადი, მათგან განიხილა 2861 ოჯახის (8833 პირი) განაცხადი. აღნიშნულ პერიოდში უსახლკაროდ დარეგისტრირდა 581 ოჯახი (1649 პირი), ხოლო, თავშესაფრით უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა 157 პირის განცხადება.