გვარამია: არევაძის აცილება ჩემს საქმეზე წინასწარ დაგეგმილი იყო

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ ნიკა გვარამიას საქმეზე თვითაცილება გამოაცხადა, გვარამია კი 500 ლარით დააჯარიმა, რადგან არევაძის აზრით, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა სასამართლო შეურაცხყო.

ნიკა გვარამიას, რომელიც წინა პროცესზე არევაძემ გააძევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დღეს თავის პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა. თუმცა, მოსამართლე გიორგი არევაძემ მას ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების გამო პასუხი მოსთხოვა და თქვა, რომ გვარამია მოსამართლის მიმართ იყენებდა სიტყვებს – „ნაძირალა“, „არაადეკვატური“, რაც მოსამართლეს შეურაცხყოფდა.

გვარამიამ უპასუხა, რომ მოსამართლისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მოსამართლე კორექტულად გააკრიტიკა.

სხდომის დასრულების შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გიორგი არევაძის აცილება მის საქმეზე რამდენიმე დღის წინ „კონკრეტულ კაბინეტში“ დაიგეგმა, ისევე, როგორც დაიგეგმა თავის დროზე არევაძისთვის ამ საქმის მიბარება და ელექტრონული შერჩევა მხოლოდ ფორმალობა იყო.

„გამოიცანით, როგორ ხდება სამი-ოთხი მოსამართლის „დაკერვა“ იმისთვის, რომ პროცესის შესაბამისი განაჩენი გამოიტანონ – მარტივად. გამოიცანით, რამდენ მოსამართლეში ხდება ელექტრონული შერჩევა, სამში. გამოიცანით, თუ ვინმე ვერ „დაკერეს“, ის რას შვრება?! შვებულებაში გადის, რომ ელექტრონულ შერჩევაში მონაწილეობა არ მიიღოს და მაშინ შეიძლება მხოლოდ ერთ არევაძეში ელექტრონულად აირჩიონ ის ერთი არევაძე“, – თქვა ნიკა გვარამიამ.

პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვას ედავება.

ნიკა გვარამიასთან ერთად პროკურატურა საქმეს „რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორს კახაბერ დამენიასა და სარეკლამო კომპანია „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის წინააღმდეგაც იძიებს.