„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
გვარამია განცხადებაში მიმდინარე პოლიტიკურ ამბებს ეხმაურება.
მან მხარდაჭერა გამოუცხადა არტისტ სანდრო სულაბერიძეს, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული ქურდობის მუხლით, რადგან მან ეროვნული გალერეის კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და სანაცვლოდ კედელზე დაწერა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.
ნიკა გვარამია შეეხო გელათის საკითხსაც. მისი შეფასებით თეა წულუკიანი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის „მარტო იმიტომ, რომ ივანიშვილმა დატესტოს, ეროვნული სენტიმენტები როგორ მუშაობს.“
გვარამია, რომელიც დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იყო, წერს, რომ „მიშას კლავენ იმიტომ, რომ ევროპამ სამუდამოდ დაგვიხუროს კარი“.
„ივანიშვილის ამოცანა არის ევროპის უარი და მიშას მუდმივად ამ მდგომარეობაში ამყოფებს, „ფორმულასაც“ დემონსტრაციულად წაიღებს და ყველაფერს იმგვარს კიდევ ჩაიდენს, რაც ამ მიზნის უტყუარად მიღწევისთვის სჭირდება. ცხადია, აგენტებზე კანონსაც მიიღებს. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რამეს ვერ იკადრებენ. იკადრებენ!“, – წერს ის.
ამავე განცხადებაში მან მადლობა გადაუხადა „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ დამფუძნებლებს და კრიტიკულ მედიას მისი მხარდამჭერი ერთობლივი გადაცემისთვის.
„დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს ,,რა? სად? როდის?” კლუბიდან და მედიიდან გვერდში დგომისთვის. მიხარია თქვენი თანადგომა! არ შემიძლია, წარმატება არ გისურვოთ თქვენს წამოწყებაში.
მადლობა დღევანდელი ეთერისთვის საქართველოს დემოკრატიის ბოლო ბასტიონს – კრიტიკულ მედიას!
მინდა მივმართო „ფორმულელებს“: საფრთხე უკიდურესად რეალურია, მაგრამ თუ სასოწარკვეთას მიეცემით, მხოლოდ მაშინ მიაღწევს ივანიშვილი საწადელს. საფრთხეს უპასუხეთ თქვენი მობილიზაციით, მოულოდნელი გადაწყვეტილებებითა და თავხედური გამბედაობით! ეს არის ფორმულა!
მთავარარხელებო! ძალიან მომენატრეთ და ძალიან მეამაყებით! დიდი გაჭირვება გვიდგას და ასეთ დროს ჩვენი შიდა ერთიანობაც მნიშვნელოვანია და ჩვენი კოლეგების – ,,TV პირველის”, ,,ფორმულას” და ,,კავკასიის” გვერდში დგომაც! დღეს არ არსებობს მიზეზი, რომელიც ჩვენ ერთიანობასა და გვერდში დგომაზე აღმატებულია!“, – დაწერა მან.