„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, რომელმაც ელენე ხოშტარია იზოლატორში მოინახულა, მისი თქმით, ხოშტარიას თანხმობით ჰყვება, რა მოხდა მისი დაკავების შემდეგ.
კომენტარი ნიკა გვარამიამ „ტვ პირველს“ მისცა.
გვარამიას თქმით, ელენე ხოშტარიას დაკავების შემდეგ წნევის კრიზი ჰქონდა, რამაც ღებინება გამოიწვია, პოლიციამ კი საპირფარეშოში არ გაუშვა და პარკი მიაწოდა. მისივე თქმით, ამის შემდეგ მალევე გააშიშვლეს, საწოლზე დააწვინეს და მეტალოდეტექტორს ატარებდნენ.
„ელენე გააშიშვლეს ბოლომდე, უკან შეუკრეს ხელები და საწოლზე ეწვინათ საკმაო ხანს და მეტალოდეტექტორს ატარებდნენ შიშველ სხეულზე დიდი ხნის განმავლობაში. მეტალოდეტექტორით სხეულზე რა უნდა იპოვონ?
წამალს რაც შეეხება, ამბავი, რომელიც მათ მოიგონეს, არის იმისთვის, რომ გაამართლონ, ვითომ ნარკოტიკს ვეძებდითო და ა.შ. ელენეს ჯანმრთელობა ბოლო წლების განმავლობაში, საზოგადოებამაც იცის ალბათ, არ არის სრულყოფილი, მას ყოველთვის ბევრი წამალი აქვს თან.
მას ჰქონდა წნევის კრიზი რამდენჯერმე. როცა მოიყვანეს, მაშინაც წნევის კრიზი ჰქონდა და ამ დროს ღებინების რეფლექსი ირთვება და მას უთხრეს, საპირფარეშოში არა, პარკს მოგიტანთ დ აქ არწყიეო. იგივე საბა სხვიტარიძესაც გაუკეთეს.
ამის მერე ითხოვა, ჩემი წამლებიდან მარეგულირებელი დამალევინეთო და არ მიუციათ, ამ დრომდე აქვს მაღალი წნევა, ეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. არ აქვთ სამედიცინო კაბინეტში და თვითონ შემოიტანეო, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა.
ამ ღებინების შემდეგ, როგორც კი ეს მორჩა, მეორე წუთს გააშიშვლეს ადამიანი, რომელსაც წნევის კრიზი აქვს და მერე აკეთეს ის, რაც მოგიყევით, მეტალოდეტექტორით“, – ამბობს გვარამია „ტვ პირველთან.
გვარამია ადასტურებს, რომ ხოშტარიამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარი თქვა. მისივე თქმით, კომუნიკაცია არ შემდგარა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან.
თავად ელენე ხოშტარიას თქმით, მასზე პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად იძალადეს, დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში კი ნების საწინააღმდეგოდ სრულად გააშიშვლეს, რაც მისი შეფასებით, ადამიანის ღირსების შელახვის მეთოდია.
შსს ხოშტარიას საპასუხოდ ამტკიცებს, რომ ის „იქცეოდა აგრესიულად”, კანონიერი პროცედურების გავლისას დაარღვია შინაგანაწესი და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები“, რაც ვიდეოზეც ასახულია.
მათივე თქმით, ხოშტარიას „თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.“