გვარამიას და „მთავარს“ „ოცნების“ მერობის კიდევ ორი კანდიდატი უჩივის და 55 555 ლარ კომპენსაციას მოითხოვს

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები ნიკა გვარამიასა და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აგრძელებენ. ამჯერად, კომპენსაციის სახით სიმბოლურ თანხას, 55 555 ლარს „ოცნების“ კიდევ ორი – ჭიათურისა და ქარელის – მერობის კანდიდატი მოითხოვს.

ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის მტკიცებით, „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ „შეთხზა ამბები, რომლებიც არ შეესაბამება სიმართლეს“.

„მან გააკეთა ჩემი ფოტოსურათის… და აბსოლუტურად, ჩემ გარშემო ისეთი ამბები შეთხზა, რომლებიც არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ მოვამზადეთ სარჩელი, რომელიც დღევანდელ დღეს შედის თბილისის საქალაქო სასამართლოში, პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისათვის. ჩვენ ვითხოვთ სიმბოლურ თანხას 55 555 ლარს, რომელიც ბავშვთა ფონდში გადაირიცხება“, – ამბობს გივი მოდებაძე.

სიმბოლური თანხის საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხვას გეგმავს ქარელის მერობის კანდიდატი, ზაზა გულიაშვილიც.

„გვარამია და „მთავარი არხი“ ყველაფერს კადრულობენ, შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს. ეს ამორალური ადამიანები ცილისწამებასა და პირად შეურაცხყოფაზე არიან გადასული. ვითხოვ, გარკვეულ თანხას, 55 555 ათას ლარს, სიმბოლურად კომპენსაციის სახით, რაც საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება“, – ამბობს ზაზა გულიაშვილი.


ნიკა გვარამიასა და „მთავარ არხს“ სასამართლოში უჩივის ფოთის „ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი. ისინიც მორალური ზიანისთვის სიმბოლურად, 55 555 ლარის ანაზღაურებას ითხოვენ.