გვარამიას პატიმრობა შეეფარდა - ის რუსთავის ციხესთან იმყოფება

პუბლიკა

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გირაოს გადაუხდელობის გამო პატიმრობა შეეფარდა.

დღეს მიმდინარე პროცესზე გვარამია სასამართლოში არ გამოცხადებულა და ის პირდაპირ რუსთავის ციხესთან წავიდა. ამ წუთებში რუსთავის ციხესთან გვარამია მხარდამჭერებთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად იმყოფება.

იმავე საქმის ფარგლებში პატიმრობა აქვთ შეფარდებული კოალიციის სხვა ლიდერებს, ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მელიას. ნიკა მელია 29 მაისს დააკავეს – მას სხდომაზე ისაუბრა, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდა და მიდიოდა ერთ-ერთ პოდკასტში მონაწილეობის მისაღებად, რა დროსაც მანქანა საპატრულო პოლიციამ გააჩერა.

მელიამ თქვა, რომ ის „გაიტაცეს“, ძალის გამოყენებით ჩასვეს ფურგონში, სადაც 11 პირი იყო. ძალის გამოყენებით წაართვეს ტელეფონი, ასევე დაამტვრიეს მისი მანქანის ვიდეო კამერები.

რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, ის 22 მაისს დააკავეს და  ბორკილები სასამართლო დარბაზშივე დაადეს.


14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო თარაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

წულუკიანის კომისიის სხდომებზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.