გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთი სხდომა 11 ოქტომბერს გაიმართება

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის მორიგი განხილვა გაიმართა. დღეს სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.

სასამართლოს მორიგი სხდომა 11 ოქტომბერს 16:30 საათზე გაიმართება. იმის გამო, რომ დაცვის მხარემ ვერ მოასწრო სიტყვის დასრულება, ნიკა გვარამიას ადვოკატი, ქეთევან ჩომახაშვილი გააგრძელებს სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას. იმ შემთხვევაში, თუ პროცესის დასრულება 11 ოქტომბერს ვერ მოესწრება, კიდევ ერთი სხდომა 24 ოქტომბერს 15:00 საათზე ჩაინიშნება.


16 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებულ საქმეზე ნიკა გვარამია სასამართლომ დამნაშავედ რიგ ბრალდებებში ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის სახით. მოსამართლემ გვარამიას სასამართლო დარბაზშივე დააკავების მითითება გასცა.

ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. კახაბერ დამენიას ბრალდება კი გადაკვალიფიცრდა და დამნაშავედ ცნეს. მას სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარი.

ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციოში გრძელდება კახა დამენიას ბრალდების განხილვაც.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება:

ბრალად წარდგენილ მეოთხე მუხლს – მითვისება ან გაფლანგვა (182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლზე (სსკ-ის 220-ე მუხლზე) და ამ ნაწილში ცნო ის დამნაშავედ.

აღნიშნული მუხლით მოსამართლემ გვარამია დამნაშავედ ორ ეპიზოდზე ცნო.

I – საუბარია ე.წ. 2015 წლის ამბავზე – ამ ნაწილში პროკურატურა გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი-2-თვის“ 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში სდებდა ბრალს. აღნიშნულ საქმეზე მოსამართლემ გვარამიას 50 000 ლარის ჯარიმა შეუფარდა.

II ეპიზოდს კი ე.წ. ავტომობილის საქმედ მოიხსენიებენ. სწორედ ამ საქმეზე მიესაჯა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რას ითვალისწინებს ე.წ. მანქანის ეპიზოდი

პროკურატურის ვერსიით – 2019 წლის თებერვალში გვარამიამ „პორშეს ცენტრში“ თავისი და ოჯახის პირადი სარგებლობისთვის შეარჩია 76 700 ევროდ ღირებული ახალი ავტომობილი „Porche Macan S, რომლის შეძენის მიზნით, მან „პორშეს ცენტრს“ შესთავაზა, რომ შეძენას განახორციელებდა „რუსთავი 2-ის“ ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების ღირებულების სანაცვლოდ.

ასევე, ნიკა გვარამიამ ე.წ. „ბარტერზე“ დათანხმების მიზნით, ხსენებულ კომპანიას დამატებით შესთავაზა როგორც ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ გასაშვები სარეკლამო რგოლების, ასევე სამომავლოდ მათი სხვა სარეკლამო რგოლების შეღავათიან/დაბალ ფასად განთავსება, სარეკლამო სააგენტო შპს „პროესკო მედიას“ მეშვეობით.

შეთანხმებისამებრ, „პორშეს ცენტრსა“ და შპს „პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა ავტომანქანა ,,Porche Macan S“-ის ნასყიდობის ხელშეკრულება, ღირებულებით – 76 700 ევრო. იმავე დღეს ამ ორ კომპანიას შორის ასევე გაფორმდა ხელშეკრულება სარეკლამო მომსახურებაზე, ღირებულებით – 76 700 ევრო, რომლის ფარგლებშიც, „რუსთავი 2-ის“ ეთერში რეკლამის განთავსება ხდებოდა შეღავათიან/დაბალ ფასად.

პროკურატურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „პორშეს ცენტრი“ სრულად უხდიდა შპს „პროესკო მედიას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, ეს უკანასკნელი, ნიკა გვარამიას დავალებით, არსებითად ამცირებდა  „რუსთავი 2-თვის“ გადასახდელ თანხას, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას.

რას აცხადებს ნიკა გვარამიას დაცვის მხარე

„პუბლიკასთან“ საუბრისას გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პროკურატურის ამ ვერსიას, საქმეში არ იყო. მისივე თქმით, არც რაიმე უკანონო ტრანზაქციას ჰქონია ადგილი და არც არავის დაუმალავს ავტომობილით სარგებლობა ნიკა გვარამიას ოჯახის წევრების მხრიდან.

„ზიანის ნაწილში პროკურატურის პოზიცია იყო ასეთი, რომ ხელშეკრულება იყო ყალბი და რომ კომპანიის რესურსით მოხდა ვითომდა ამ ავტომობილის მიღება მაშინ, როდესაც საქმის მასალებში  არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა ამის შესახებ.

რომც არსებულიყო, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი ეს არ და ვერ უნდა გამხდარიყო, ვინაიდან აქ საუბარია კერძო კომპანიაზე. გენერალურ დირექტორს ჰქონდა ამის უფლებამოსილება, მეორე მხრივ, დამფუძნებლებთან შეთანხმებით, ავტომობილის შეძენა არანაირად არ შეიძლება, დანაშაულად იყოს მიჩნეული“, – ამბობს საძაგლიშვილი.

რა წერენ საქმის შეფასებისას სახალხო დამცველი და „საერთაშორისო გამჭირვალობა“

ნიკა გვარამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის შეფასებას ვრცლად გაეცანით ბმულზე:

სახალხო დამცველის შეფასება;

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასება.