გვარამიას საქმეზე სარჩელი უზენაესმა დაუშვებლად ცნო - ადვოკატი

პუბლიკა

უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას და კახაბერ დამენიას საქმეზე დაცვის მხარისა და პროკურატურის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად ცნო.

როგორც კახა დამენიას ადვოკატმა, კახა წერეთელმა „პუბლიკას“ განუმარტა, უზენაესმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის სტანდარტს.

„უზენაეს სასამართლოს მივმართეთ საკასაციო საჩივრით როგორც [გვარამიას და დამენიას] დაცვის მხარემ და მოვითხოვეთ გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღება, ასევე მიმართა პროკურატურამ და მოითხოვა კვლავ გადაკვალიფიცირება იმ ბრალდებებზე, რომელიც მანამდე იყო.

უზენაესმა ჩათვალა, რომ საჩივრები არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის სტანდარტს და ცნო ისინი დაუშვებლად. შესაბამისად, ძალაში შევიდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

სასამართლოს შეეძლო, წარმოებაში მიეღო ეს საჩივრები და განეხილა, მაგრამ მან წარმოებაშიც არ მიიღო. ჩათვალა, რომ ვერც ჩვენი და ვერც პროკურატურის საჩივრები ვერ აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რაც უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს – ეს არის საქმის მნიშვნელობა პრაქტიკისთვის და ა.შ.

ქართულ სასამართლოებში ამ საქმის არსებითი განხილვა დასრულებულია“, – უთხრა მან „პუბლიკას“.


„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ორი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელის ზომა – 3 წელი და 6 თვე, ძალაში დარჩა, თუმცა საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, საპატიმრო სასჯელი გვარამიას ერთი ეპიზოდის ნაცვლად, ორ ეპიზოდზე მიესაჯა.

ამ ნაწილში პროკურატურა გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი-2-თვის“ 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში სდებდა ბრალს. აღნიშნულ საქმეზე საქალაქო სასამართლომ მას 50 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ კი შეცვალა სასჯელის სახე და ზომა და გვარამიას 3 წლითა და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

რაც შეეხება II ეპიზოდს, ე.წ. ავტომობილის საქმეს, სააპელაციომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ, ნიკა გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

რაც შეეხება გვარამიასთან ერთად მსჯავრდებულ ორ პირს: ზურაბ იაშვილი უდანაშაულოდ ცნეს, კახა დამენიას კი 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.