გვარამიას საქმის მოსამართლის პროგრამიდან მოხსნის შემდეგ აშშ-ში არც სხვა მოსამართლეები წავიდნენ

პუბლიკა

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის პროგრამიდან მოხსნეს, ამერიკაში არც სხვა 5 მოსამართლე გაემგზავრა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი“ და „ფორმულა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, გუშინ გვიან ღამით აშშ-ის  კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის ფარგლებში მოსამართლეების ნაცვლად ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

მედიისთვის უცნობია მოსამართლეების პროგრამა თავად საელჩომ ჩაანაცვლა, თუ სხვა მოსამართლეებმა ლაშა ჩხიკვაძის სოლიდარობის გამო თქვეს უარი პროგრამაში მონაწილეობაზე.

თავად ლაშა ჩხიკვაძე მედიასთან აცხადებს, რომ მისთვის უცნობია რატომ არ წავიდნენ სხვა მოსამართლეები პროგრამით აშშ-ში.

ინფორმაციას მოსამართლეების აშშ-ში არგამგზავრების შესახებ ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთიც“ ავრცელებს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. როგორც გამოცემისთვისაა ცნობილი, საუბარია სისხლის სამართლის საქმეთა ხუთ მოსამართლეზე – ხათუნა ხარჩილავა, ნინო ნაჭყებია, მაია ქოქიაშვილი, გიზო უბილავა, რომეო ტყეშელაშვილი.


20 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოიტანა,  აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში აღარ გაემგზავრება.

მედიის ცნობით, მოსამართლის პროგრამიდან მოხსნის საკითხზე ჟურნალისტებმა ელჩ დეგნანთან შეხვედრაზე, 18 მაისს ისაუბრეს.