ვინ არის გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა და „მთავარი არხის“ თანამშრომლებმა მოსამართლე მიკერძოებაში დაადანაშაულეს.

ვინ არის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე?

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის შესახებ ინტერნეტში რამდენიმე გახმაურებული საქმე იძებნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ.

2021 წლის 15 დეკემბრის სასამართლო პროცესზე ნიკა გვარამიამ მოსამართლის აცილება მოითხოვა. მიზეზად მისი და „რუსთავი 2-ის“ საქმის ერთ-ერთი მოწმის, ზაზა გველესიანის, მეგობრობა დაასახელა.

გვარამიამ ხაზი გაუსვა, რომ გველესიანი თანამდებობას იკავებს ჰოლდინგში, რომელსაც „რუსთავი 2“ ეკუთვნის და ის საქმეში დაზარალებულის სტატუსითაა.

გველესიანთან მეგობრობა არ უარყო მოსამართლემ, თუმცა აღნიშნა, რომ „მეგობრობას აქვს თავისი ფორმატი“ და ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქმეზე ვინმეს ესაუბრება.

მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის საქმე

კიდევ ერთი გახმაურებული პროცესი, რომელსაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე უძღვებოდა, იყო გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის ბრალდება „თბილსერვის ჯგუფის“ და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე.

2015 წელს სასამართლომ უგულავა „თბილსერვისჯგუფის“ საქმეზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, უგულავას საბოლოო ჯამში, ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რაც შეეხება „ახალი რიყის“ და „იმედის“ მისაკუთრების“ ეპიზოდს, სასამართლომ უგულავა აღნიშნულ ნაწილში დავით კეზერაშვილთან ერთად გაამართლა.

გიგი უგულავასთვის განაჩენის გამოცხადებამდე 2 დღით ადრე, 16 სექტემბერს საკონსტიტუციომ სარჩელი „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი დღით გიგი უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მას შემდეგ, რაც ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლედ დაინიშნა, გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოსამართლემ მისი დაკავების გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის ბრძანების შემდეგ მიიღო.

„ამას წინ „ოცნების“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა მითხრა – შენ რომ საკონსტიტუციო მოიგე და ერთი დღით გამოხვედი ციხიდანო, პირველ დღეს ივანიშვილმა გვითხრა, მერე რა, ხომ ხედავ სასამართლო დამოუკიდებელიაო. მეორე დღეს, დილიდან, არმაგედონი მოგვიწყო და დაგვავალა, რომ უგულავა ერთ დღეში დაიჭირეთო, თორემ თავებს გაგაყრევინებთო. ასეც მოხდა. მე 23 საათში დამიჭირეს. ეს „დამოუკიდებელი“ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე იყო, ვინც დღეს ნიკა გვარამიას ასამართლებს და თავის თავზე მესამე პირში საუბრობდა“, – დაწერა უგულავამ 2021 წლის 15 დეკემბერს.

ამავე პოსტში უგულავამ თქვა, რომ მოსამართლე ჩხიკვაძე რუსთავის გზატკეცილზე ავარიის შემდეგ „პროკურატურას ყურებით უჭირავს“.

ავარია, რომლის შესახებაც გიგი უგულავა წერდა, 2015 წლის 22 იანვარს მოხდა.

პროკურატურის განცხადებით, თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ერთმანეთს 6 ავტომანქანა შეეჯახა, მათ შორის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის. შემთხვევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ადამიანი, დაიღუპა ერთ-ერთი დაზარალებული.

„საქმეზე ჩატარებული ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზების დასკვნების თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე ბრალეული ქმედება არ გამოკვეთილა, რის საფუძველზეც 2015 წლის 8 მაისს საქმეზე გამოტანილი იქნა დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

შესაბამისად, მასმედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა შეწყვეტილი საქმით ხდება რაიმე მანიპულირება, ასევე ვინმეზე და კონკრეტულად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე ზემოქმედება, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, საღ აზრს და მიზანმიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ“, – განაცხადა პროკურატურამ.

ბაჩო ახალაიას საქმე

2013 წლის 28 ოქტომბერს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ბაჩო ახალია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე დამნაშავედ ცნო არაადამიანური მოპყრობის მუხლით, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების ნაწილში გაამართლა.

ბაჩო ახალაიას საქმის განხილვის ეტაპზე, 2013 წლის 2 აგვისტოს ორგანიზაცია EMC-იმ შეისწავლა ახალაიას საქმეების განმხილველი მოსამართლეების დანიშვნის გარემოებები და დაადგინა, რომ სამივე სისხლის სამართლის საქმის მოსამართლეები ერთსა და იმავე დღეს, 2013 წლის 6 თებერვალს, არიან გადმოყვანილნი თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა სასამართლოებიდან. ორგანიზაციას „ამგვარი დამთხვევების გამო“ პროცესის ობიექტურობაზე კითხვები გაუჩნდა.

მას შემდეგ რაც მოსამართლე ჩხიკვაძემ გიგი უგულავას განაჩენი გამოაცხადა, ბაჩო ახალაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი საქმის განხილვისას მოსამართლემ უპირობოდ გაიზიარა 6 ე.წ. კანონიერი ქურდის ჩვენება და „ქურდული სამყაროს“ წევრების მოსაზრებები მიიჩნია სარწმუნოდ.

„ჩხიკვაძე არის ადამიანი, რომელსაც არათუ მოსამართლის მორალური და ზნეობრივი კრიტერიუმის დაკმაყოფილება შეუძლია, არამედ ის შორს არის უბრალოდ კეთილსინდისიერი მოქალაქის პასუხისმგებლობის გრძნობისგანაც. ასეთი „დაღვინებული“ მოსამართლის სიცილიურ მაფიასაც კი შეშურდებოდა“, – დაწერა ახალაიამ.


ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელსა და მეწილეს, ნიკა გვარამიას დღეს სასამართლომ 3.6 წელი მიუსაჯა. გვარამიას 2019 წელს ბრალი 4 მუხლით წარუდგინეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელი განაჩენით, გვარამია წარდგენილ 3 მუხლში გამართლდა.

კერძოდ, გამართლდა:

  • ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება (362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი);
  • კომერციული მოსყიდვა (221-ე მუხლის მესამე ნაწილი);
  • უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) (194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).

რაც შეეხება ბრალად წარდგენილ მეოთხე მუხლს– მითვისება ან გაფლანგვა (182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლზე (სსკ-ის 220-ე მუხლზე) და ამ ნაწილში ცნო ის დამნაშავედ.

აღნიშნული მუხლით მოსამართლემ გვარამია დამნაშავედ ორ ეპიზოდზე ცნო.

I – საუბარია ე.წ. 2015 წლის ამბავზე – ამ ნაწილში პროკურატურა გვრამიას ტელეკომპანია „რუსთავი-2-სთვის“ 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში სდებდა ბრალს. აღნიშნულ საქმეზე მოსამართლემ გვარამიას 50 000 ლარის ჯარიმა შეუფარდა.

II ეპიზოდს კი ე.წ. ავტომობილის საქმედ მოიხსენიებენ. სწორედ ამ საქმეზე მიესაჯა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.