გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას სტატუსის მიღებისკენ - კობახიძე

პუბლიკა

„გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები პარლამენტის შენობაში, როცა მას ჰქონდა მოხსენება და დამეთანხმებით, რომ ეს განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტზე მთავრობას ნებართვა ამ დრომდე არ გაუცია.

„პრეზიდენტი არ უნდა სპეკულირებდეს, რა შუაშია რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა და პრეზიდენტის ვიზიტი უცხო ქვეყანაში, აბსოლუტურად გაუგებარი შედარებაა. ეს არის სრული სპეკულაცია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირი ასე სპეკულირებს, უბრალოდ, დასანანია ეს ყველაფერი.

რაც შეეხება ვიზიტზე თანხმობის გაცემას, ეს არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლება. თუ, მაგალითად, მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ შემთხვევაში მთავრობას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება პრეზიდენტს არ მისცეს ნებართვა ვიზიტზე“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე – ეს განცხადება მიანიშნებს თუ არა იმაზე, რომ პრეზიდენტი ვერ მიიღებს ნებართვას – კობახიძე პასუხობს, რომ ის „არაფერს ამბობს“, მან „არ იცის“, თუ დღემდე არ გაუცია მთავრობას ნებართვა, შესაძლოა მოგვიანებით გასცეს. ეს მთავრობის პრეროგატივაა.

„მაგრამ ჩემთვის ლოგიკური იქნება ის, რომ თუ მთავრობას ეშინია, ეშინია ეს პირობითი სიტყვაა – პრეზიდენტის არასწორი განცხადებების, იმიტომ, რომ ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები, რომლებიც იყო დამაზიანებელი კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებს და ა.შ., რომ სინამდვილეში არ გადადგმულა ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის დამაზიანებელი განცხადებები. რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს ასპარეზი ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთების დროს, რომ არ დაზიანდეს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. დანარჩენი არის მთავრობის პრეროგატივა, მიანიჭებს თუ არა პრეზიდენტს უფლებას, რომ გაემგზავროს სხვა ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტს დღემდე არ მიუღია თანხმობა 27 აპრილის მიმართვაზე ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით, იმ ფონზე, როცა 15 მაისს ძალაში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ და იმავე დღეს საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს უნდა მიმართოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი 27 აპრილს მიიღო.

პრესსამსახურის ცნობით, ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას იმავე დღეს გაუგზავნა.