„გვესმის საზოგადოების ფართო ნაწილის იმედგაცრუების“ - აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა

პუბლიკა

აშშ-ის საელჩო და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტის ჩავარდნის გამო განვითარებულ პროცესზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ ესმით ამ კანონპროექტის ჩავარდნის გამო საზოგადოების იმედგაცრუებისა, რადგან 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების დაპირება დემოკრატიისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

აშშ-ის საელჩო და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს მთავრობას და პოლიტიკურ პარტიებს, რომ დაიწყონ გადაუდებელი მუშაობა გამოსავლის საპოვნელად.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცნობიერებენ ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის ღრმა იმედგაცრუებას იმის გამო, რომ პარლამენტმა არ მიიღო 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები. ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაჩქარებასთან დაკავშირებით გაგებულ იქნა, როგორც ქართული დემოკრატიის მიერ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რასაც თან სდევდა პოლიტიკური კონსენსუსი და ყველა მხარის ერთობლივი ვალდებულება, ემუშავათ ამ მიზნის მისაღწევად. გასულ ხუთშაბათს, ამ პროცესის მოულოდნელმა შეჩერებამ გაზარდა უნდობლობა და გაამძაფრა დაძაბულობა მმართველ პარტიას, სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, არსებითად მიგვაჩნია გადაუდებელი მუშაობა მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღსადგენად მშვიდი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის საშუალებით, ისეთი სამომავლო გზის საპოვნელად, რომელიც მისაღები იქნება.

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას. მოვუწოდებთ ყველას, ვინც ამ უფლებას ახორციელებს, კანონის დაცვით და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია განცხადებაში.