გვინახავს სამაგალითოდ დასჯილი პოლიციელი, ჩადენილი უკანონობის გამო? – ნაცვლიშვილი

პუბლიკა

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო-საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცლიშვილი გაუფრთხილებლობით ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელის შემთხვევას ეხმაურება და წერს, რომ არავინ ვართ დაცულები „ამ ამაზრზენი, ლპობაში მყოფი სისტემისგან“.

„არც ერთხელ ამ „ერთეულებს“ სისტემამ არ გასცა საკადრისი პასუხი! ამიტომ სისტემაა დამნაშავე ყველა მისი შემქმნელით და თავზე ხელის დამფარებლით!

გვინახავს სამაგალითოდ დასჯილი პოლიციელი, ჩადენილი უკანონობის გამო?

გვინახავს გამოძიება, რომელმაც დროულად და ყველა კითხვას გასცა პასუხი, ან სრულად, ან ნაწილობრივ ხელი არ დააფარა დამნაშავეს? ჯოხი მხოლოდ ერთზე არ გადატეხა, როდესაც დანაშაული ჯგუფური იყო, და ა.შ. და ა.შ. ?

მოგვისმენია პოლიციელის მიერ ჩადენილ უკანონობაზე ადეკვატური პოზიცია (სიტყვიერი) ან ქმედება პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან?

გვინახავს სისტემური ცვლილებები, რამაც რეალური შედეგი მოიტანა დაუსჯელობასთან ბრძოლაში?

ესაა უსაფრთხოება და სტაბილურობა?! საკუთარ სახლშიც კი არ არის ადამიანი დაცული“, – წერს ანა ნაცვლიშვილი.

________________________

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დააკავეს.

ეს მუხლი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა”, – წერს პროკურატურა.