გვინდა, ჩოლოიანს მიესაჯოს სასჯელის მაქსიმალური ვადა - ლუკა სირაძის ძმა

პუბლიკა

ლუკა სირაძის ოჯახს სურს, რომ საქმეზე მსჯავრდებულ მარიანა ჩოლოიანს, რომელსაც სასამართლომ დღეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა, 5 წელი მიესაჯოს.

„ველოდებოდი, რომ იქნებოდა მაქსიმალური 5 წელი, თუმცა მოსამართლემ მიუსაჯა 3 წელი. ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, იმიტომ რომ გვინდა, რომ დადგეს მაქსიმალური სასჯელის ვადა.

გამოძიებამ რაც გამოარკვია, სასამართლოზე ითქვა. გვინდა, მიესაჯოს 5 წელი. დამატებით, არ მგონია, რამე გამოიკვეთოს, იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც და პროკურატურამაც მაქსიმუმი გააკეთეს ამ საქმისთვის“, – განაცხადა ბექა სირაძემ „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემა „დღის ამბებში“.

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულნი მარიანა ჩოლოიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც „პუბლიკას” საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, ჩოლოიანს 2 წლით ჩამოერთვა სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის უფლებაც.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში ედებოდა, რაც გულისხმობს ჩვენების მიცემის იძულებას.

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ 15 წლის ლუკა სირაძეს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დაკითხვაზე „ძმის პრობლემების შექმნით ემუქრებოდა” და გამომძიებელმა მას დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბარებული მოწმეები.