გვინდა, გვქონდეს პარტნიორობა სანდო ენერგომოწოდების კუთხით საქართველოდან - ვარჰეი

პუბლიკა

„გზავნილი, რომელიც საქართველოში ჩამოვიტანე, არის ასეთი – გვინდა, პარტნიორობა ამ მიმართულებით გვქონდეს სანდო ენერგომოწოდების კუთხით საქართველოდან და ამ ინიციატივის საშუალებით ენერგოუსაფრთხოება დამყარდეს საქართველოში, კავკასიასა და ევროპაში“, – ამის შესახებ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი. პრემიერმა უკვე ბრძანა, რომ შავი ზღვის ელექტროკაბელი, რომელიც ძალიან სიმბოლური მნიშვნელობისაა ყველასთვის, სიმბოლური ისტორიულად, იმდენად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური იმიტომ, რომ ყელა დავინახავთ, რომ რუსთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, რომლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები. სანდო, საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები – იქნება ეს უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ენერგეტიკულ სფეროში. საქართველო შეიძლება იყოს ასეთი სანდო და საიმედო პარტნიორი და მოკავშირე“, – განაცხადა მან.

ევროკომისარმა, ამასთანავე, ისაუბრა გაციფრულებული ღრმაწყლოვანი კაბელის პროექტზეც.

„კიდევ ერთი გზავნილი, რომელიც მეტ-ნაკლებად უკავშირდება ამ პროექტს არის გაციფრულებული ღრმაწყლოვანი კაბელი, რომელიც საქართველოს დააკავშირებს ჩვენს ძირითად ქსელებს. აქაც მუდმივი კავშირი დამყარდება ჩვენს შორის და მგონი, ამ მიმართულებით ძალიან კარგი წინსვლა გვაქვს. ეს იქნება პირველი უმსხვილესი პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ და შედეგებს დავინახავთ მალე. იმედი მაქვს, შევძლებთ, დავაჩქაროთ მუშაობა ღრმა წყლის ელექტროკაბელთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, გამოჩნდება ახალი იდეები. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ საქართველო აპირებს ელექტროენერგიის ტერმინალის მშენებლობას, რომელიც დამატებით შესაძლებლობას და წარმადობას შექმნის ევროპისთვის.

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, ამ მიმართულებით შევისწავლოთ ეს შესაძლებლობა და ვნახოთ, როგორც შეიძლება გავაფართოვოთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, სხვა ფლაგმანური პროექტების მიმოხილვით ვხედავთ, რომ შავ ზღვაზე დაიწყო მუშაობა, ჩვენ ვართ ამ პროცესის მონაწილენი და იმედი მაქვს, ეს იქნება არა მარტო შავი ზღვის დამაკავშირებელი, არამედ სხვა მიმართულებითაც და ვაჭრობა გაიზრდება, როგორც ოდესღაც ყოფილა ჩვენს რეგიონებს შორის. ყველა ამ პროექტის ფონზე მიმაჩნია, ყველაფერი გვაქვს საიმისოდ, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი და საქართველოს მოქალაქეებს ევროპა რომ მივცეთ,“ –აღნიშნა ევროკომისარმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეის საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვიდა. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც.