„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათ დამუშავებული ჰონდათ აქციის განვითარების ყველა შესაძლო სცენარი, ჰქონდათ ინფორმაცია და დროულად მიიღეს „შესაბამისი ზომები.“
„იქ [პრეზიდენტის სასახლესთან] იყვნენ მისული აკაცუკები, ექსტრემისტული დაჯგუფების წარმომადგენლები საკმაოდ მრავლად და ფიზიკური ძალის გამოყენებით მათ გადაანგრიეს ღობე და შემდეგ სცადეს შიგნით შეჭრა, თუმცა დახვდათ სიურპრიზი, მათ ეგონათ, რომ ათონელის სასახლე იყო ცარიელი, თუმცა დახვდათ სიურპრიზი, გამოვიდნენ სპეცრაზმელები.
ჩვენ გვქონდა დამუშავებული ყველა შესაძლო სცენარი, ყველა შესაბამის შენობასთან მიმართებით, ეს იყო მათ შორის პარლამენტის შენობა, მთავრობის ადმინისტრაცია , თბილისის საკრებულო. თბილისის საკრებულო განიხილებოდა მათი მხრიდან თავიდან შეტევის მთავარ ობოექტად, თუმცა შეცვალეს სცენარი, ამასთან დაკავშირებითაც მივიღეთ დროულად ინფორმაცია და მივიღეთ შესაბამისი ზომები…“,- ამბობს კობახიძე.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუკი ინფორმირებული იყვნენ რატომ არ გამოვიდა სპეცრაზმი სასახლის დასაცავად უფრო ადრე რათა პრევენცია მოეხდინათ აქციის მონაწილეების სასახლეში შესაძლო შეჭრისა, კობახიძე პასუხობს, რომ ეს იყო მათი მხრიდან ტაქტიკური გადაწყვეტილება – „ვიდრე აქციის მონაწილეები არ გადავიდოდნენ ძალადობაზე, არ ჩარეულიყვნენ.“
„ზოგადად მიღებული გვქონდა ასეთი ტაქტიკური გადაწყვეტილება – ვიდრე არ გადავიდოდნენ ძალადობაზე არ ვგეგმავდით ჩარევას. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა, ვიდრე მშვიდობიანი იყო აქცია, მივუშვით პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა როგორც კი ეს ადამიანები გადავიდნენ ძალადობაზე, როგორც კი გადაანგრიეს დამცავი ღობე, მაშინვე იქ გაჩნდა სპეცრაზმი, ყევლაფერი იყო ძალიან სწორად დაგეგმილი. თუ მშვიდობიანად მიდიოდნენ ღობემდე, რატომ არ უნდა მიგვეშვა? მშვიდობიანად მივიდნენ ღობემდე, ღობე გადაანგრიეს და მიიღეს პასუხი….“,- აცხადებს კობახიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ ყველა წევრი – პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე.
4 ოქტომბერს თბილისში არჩევნების პარალელურად აქცია გაიმართა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მოგვიანებით მურთაზ ზოდელავამ უთხრა, რომ გადაენაცვლათ პრეზიდენტის სასახლესთან. აქციის მონაწილეების ნაწილმა შეანგრია ჭიშკარი და ეზოში შეიჭრა, მალევე ეზოში გამოჩნდა სპეცრაზმი. სპეცრაზმმა დემონსტრანტები წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.