გვქონდა ერთი საშუალო სამედიცინო რგოლის პერსონალის გარდაცვალების შემთხვევა - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში გვქონდა ერთი შემთხვევა საშუალო სამედიცინო რგოლის პერსონალის გარდაცვალების. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა” განაცხადა.

„პუბლიკა” ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. როგორც NCDC-ში გვითხრეს, ამ საკითხზე პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით დამატებით სხვა ინფორმაციას ვერ გაამხელენ.

რაც შეეხება გუშინ გასულ გადაცემას, გამყრელიძემ ისაუბრა ჯანდაცვის სექტორის გამოწვევებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

როგორც მან აღნიშნა, ზაფხულის თვეები, სექტემბრის ჩათვლით, გამოყენებული უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნისთვის რიგი ღონისძიებების გასატარებლად.

„გუშინაც, მინისტრთან, ქალბატონ ეკასთან დიდი სხდომა იყო, სადაც ჩვენ ვიმსჯელეთ ამ სამი-ოთხი თვის განმავლობაში, სექტემბრის ჩათვლით, რა უნდა განხორციელდეს ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის უკეთ მზადყოფნასთან დაკავშირებით.

პირველადი ჯანდაცვა – ერთ-ერთი ყველაზე მთავარი [რგოლი]. პირველადი ჯანდაცვის ექიმები, ოჯახის ექიმები, სოფლის ექიმები – მათი მუდმივი გადამზადების რეჟიმი, მათთვის კარგად სწავლება კიდევ, რა არის კორონავირუსი და ზოგადად ინფექციები, იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც covid-თან არის დაკავშირებული, იმავე გრიპის დროს ბევრად გამოგვადგება, ბევრი სხვა დაავადების დროს.

ეს ზაფხული ამ თვალსაზრისით უნდა იყოს გამოყენებული. მერე მარაგების უწყვეტობა, რომ მარაგებში წყვეტა არ იყოს, მერე ერთ-ერთი მთავარი ინფექციის კონტროლის მექანიზმების უკეთესად შექნმა, ჰოსპიტლებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, შემთხვევათა რაოდენობის 13%-მდე საქართველოში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება დადასტურა. მისი თქმით, ეს არ არის დიდი მაჩვენებელი; ევროპაში დაინფიცირებულ შემთხვევების 20-21% სამედიცინო პერსონალში იყო.

„ეს ხალხი პირველ ხაზზეა და მათ შორის, სამწუხაროდ, გარდაცვალებაც ხდება სამედიცინო პერსონალის. იყო ეს რამდენიმე ასეული შემთხვევა იტალიაში და სხვა ქვეყნებში. სამწუხაროდ, ჩვენც გვქონდა ერთი საშუალო სამედიცინო [რგოლის] პერსონალის გარდაცვალების შემთხვევა. … მუდმივი გადამზადება, მუდმივი სწავლება, ამ პერიოდში გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გამყრელიძემ.