„გვქონდა მეგობრული საუბარი“ | კობახიძე ხოშტარიას შეხვდა

პუბლიკა

პარლამენტის შენობაში მოშიმშილე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უმრავლესობის ორ დეპუტატთან, მამუკა მდინარაძესა და შალვა პაპუაშვილთან, ერთად მივიდა.

„შეხვედრა გვქონდა ელენე ხოშტარიასთან. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია და რაღაც მოსაზრებებიც ყველაფერთან დაკავშირებით რაც ამ პროცესებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ჩვენი თხოვნა მის მიმართ არის, შეწყვიტოს შიმშილობა, ეს არის ჩვენი თხოვნა. შეგვიძლია, ეს საჯაროდაც გავაზიაროთ. გვქონდა მეგობრული საუბარი. ეს არის ის ინფორმაცია, რაც შემიძლია გაგიზიაროთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას, კობახიძეს თქმით, „ხდება ისე წარმოჩენა, რომ ეს ახირებული პოზიციაა“.

„ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ვხედავთ სერიოზულ რისკს, უსაფრთხოების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ უწყებები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ასეთი ტიპის გეგმები ვერ განხორციელდეს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება არის სერიოზული დილემა. ამიტომ, აქედან გამომდინარე, ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. ერთი, რომ არ არსებობს ამის საჭიროება და მეორე – უსაფრთხოების რისკი სერიოზულია“, – განაცხადა კობახიძემ.


ელენე ხოშტარიამ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. 

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა თქვა, რომ ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუკი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანენ იმ სამოქალაქო კლინიკაში, რომელსაც შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გადაწყვეტს.

ამავე დღეს სააკაშვილმა ხოშტარიას მოუწოდა, შეეწყვიტა შიმშილობა, თუმცა ხოშტარიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში, ის შიმშილობას არ შეწყვეტს.