გვსურს, ვნახოთ, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მოძრაობს - სტოლტენბერგი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ვიზიტისას NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

ერთობლივი პრესკონფერენციისას სტოლტენბერგმა კობახიძეს პრემიერობა მიულოცა, საქართველოს მიმართ კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

NATO-სა და საქართველოს შორის პარტნიორობაზე საუბრისას, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მიესალმება რიგ სფეროებში ქვეყნის წარმატებებს, ამასთან მათ სურთ, რომ ნახონ, „საქართველო მოძრაობს სწორი მიმართულებით“.

„მივესალმები საქართველოს პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კრიზისის მართვა, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო ინჟინერია და დაცული კომუნიკაციები. ასევე გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებას.

ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს და წინ წაიწიოს შიდა რეფორმების გატარებაში, გააძლიეროს დემოკრატიული ღირებულებები.

ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ, საქართველო მოძრაობს სწორი მიმართულებით. მოძრაობს მეტი დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ოჯახის სრულყოფილი წევრობისკენ.  NATO გააგრძელებს თქვენს გვერდით ყოფნას ამ მისწრაფებების შესრულების პროცესში“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

ასევე, სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და მოუწოდებს მოსკოვს, რომ უარი თქვას ამ ტერიტორიების აღიარებაზე.

„NATO განაგრძობს რუსეთისთვის მოწოდებას, რომ უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ნებისმიერი მოქმედება რუსეთის მხრიდან, რომელიც ისახავს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას, მიუღებელია“, – თქვა სტოლტენბერგმა და საქართველოსადმი ალიანსის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომზე, ფრონტზე არსებულ სიტუაციასა და შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ის მიესალმება საქართველოს მხრიდან უკრაინელი ხალხისა და უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.