გვყავს 20 და 16 წლის ძებნილებიც, ეს ჩვეულებრივი თემაა - გომელაური ესებუაზე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მისი თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს ბადრი ესებუას დაკავებაზე.

„ჩვენ ვმუშოაბთ, რა თქმა უნდა, ამაზე, ოპერატიულ ინფორმაციაზე ასე ღიად ვერ ვისაუბრებ, ბოდიში. ეს იქედანაც ჩანს, რომ მოხდა მისი ძმის დაკავება. იყო ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი აწვდიდა საკვებს, აღმოაჩნდა ვაზნები და ასაფეთქებელი ნივთიერება თან.

საქართველში ჩვენ გვყავს 20 წლის ძებნილები, რომლებიც საქართველოში არიან და ქვეყანა არ დაუტოვებიათ, გვყავს 16 წლის ძებნილიც, გვყავს 2006 წელს რომ ჩაიდინა მკვლელობა და დღესაც არ არის დაჭერილი. ამიტომ ნუ უკვირთ, ოპოზიციასაც რომ უკვირს, რომ რა ხდება – რა ვერ დააკავეთ 1 თვეში და 2 თვეში. ეს ჩვეულებრივი თემაა, სად წავა, დღეს არა, ხვალ დავაკავებთ, -” განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


21 ოქტომბერს,  დღის სამ საათზე, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შსს-ს ცნობით, შეიჭრა ბადრი ესებუა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი მოითხოვა მათი გათავისუფლების სანაცვლოდ. თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, ბოლოს კი შენობა ხელყუმბარით ხელში, ორ მძევალთან, სამხარეო პოლიციის უფროსსა და თანხასთან ერთად დატოვა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.