დღეს, 24 მარტს, ვაშლიჯვარში გოძიაშვილის ქუჩა N31-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.
კომპანიის განცხადებით, ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა და წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.
GWP აცხადებს, რომ ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მაგისტრალური ქსელი წყლისგან დაცლისთანავე დაიწყება.
ამის გამო დღეს, 24 მარტს, 15:30 საათიდან 25 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
ვაშლიჯვრის დასახლებაში: სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, გელოვანის, იასამნის, ემუხვარის და თოფურიას და მაჭავარიანის ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების მე-2ა, მე-3 ა, მე-4 და მე-4ბ ზონებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.