„ჩვენ მართლაც ვნახეთ, რომ ხელშეკრულების ზოგიერთი მუხლი არის საკმაოდ პრობლემური და ბადებს სხვადასხვა კითხვას მოსახლეობაში. პირველ რიგში, ეს ეხება კალაპოტის ნაწილის ხანგრძლივი ვადით იჯარაში გადაცემას. რა თქმა უნდა, ეს ვადა დაშვებულია. 99 წელი არის მაქსიმალური ვადა, მაგრამ რეალურად, ეს ბადებს კითხვებს, იწვევს პრობლემებს“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე საუბრისას განაცხადა.
თურნავა აღნიშნავს, რომ აქამდე ასეთი მსხვილი ენერგეტიკული პროექტის განხორციელების გამოცდილება ქვეყანას არ ჰქონია:
„ჩვენ აქამდე არ გვქონია ასეთი მსხვილი ენერგეტიკული პროექტის განხორციელების გამოცდილება. რამდენი ათწლეულია ასეთი დიდი ობიექტი არ აშენებულა. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვსწავლობთ გზადაგზა, როგორ შეიძლება დაიხვეწოს აქ კანონმდებლობა“, – ამბობს მინისტრი.
ნათია თურნავას თქმით, მთავრობას მოლაპარაკები აქვს ინვესტორ კომპანიასთან, რომლის ამოცანაცაა, რომ პროტესტი არ იყოს და ჰესი მშვიდ ვითარებაში აშენდეს.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა ვახორციელებთ მოლაპარაკებებს ინვესტორთან. ძალიან კარგია, რომ ინვესტორი ამას გაგებით ეკიდება. მათი ამოცანაც არის, რომ პროტესტი არ იყოს და მშვიდ ვითარებაში აშენდეს ეს პროექტი, რომელიც სწორედ ქართული ენერგეტიკის თვალსაჩინო პროექტი იქნება. ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას ამ თვალსაზრისით“, – აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრი.