„გზაში 4 სახეში მუშტებს მირტყამდა" - აქციაზე ნაცემი მოქალაქე

პუბლიკა

გუშინ საპოლიციო ძალების მიერ ნაცემი გედევან კუპრავა TV პირველთან აღნიშნავს, რომ შსს-ის წარმომადგენლები მასზე ძალადობდნენ დაჭერის მომენტშიც და იზოლატორში გადაყვანის დროსაც. ის აღნიშნავს, რომ იზოლატორიდან ტვინის შერყევის ნიშნებით მისი კლინიკაში გადაიყვანა მოუწიათ.

„დაჭერის მომენტში მირტყეს, მერე ცოტა მიმათრევდნენ და ძალადობდნენ, მერე სხვა ხელებში გადავედი აშკარად და უკვე 4-ნი იყვნენ 2-ის მაგივრად და გზაში სანამ მივყავდით, ეს ოთხი უბრალოდ სახეში მუშტებს მირტყამდნენ […] განყოფილებაში ვიყავით ვარკეთილში, დამეწყო თავბრუსხვევები და გულისრევის შეგრძნებები. რაზეც იეჭვეს, რომ ტვინის შერყევა არ ჰქონდესო და გადამიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ დავეტოვებინე“, – ამბობს გედევან კუპრავა.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, 4 დაკავებულ მომიტინგეს, რომლებიც კლინიკაში იზოლატორიდან შეიყვანეს, თავის ტვინის შერყევა აღენიშნება.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა. ამ დროისთვის, სისხლის სამართლის წესით დაკავებული არავინაა.

უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისი მოლთან საპროტესტო აქცია/მსვლელობის დროს რამდენჯერმე იყო შეხლა-შემოხლა პოლიციასა და აქციის მშვიდობიან მონაწილეებს შორის. პოლიციამ აგინა და სცემა აქციის მონაწილეებს. „ტვ პირველმა“ გაავრცელა კადრები, როგორ უსწორდება გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი დაკავებულ მოქალაქეს. რამდენიმე დაკავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

პოლიცია მუშაობაში ხელს უშლიდა ჟურნალისტებსაც. აქციაზე დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი, ნიკო კოკაია.

საქართველოს მთავრობამ 31 იანვარს გამოსცა დადგენილება, რომლითაც სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებიც დაემატა და მისი გადაკეტვა აიკრძალა. ამ მუხლის დარღვევა პატიმრობას ითვალისწინებს.