„გზავნილებს წავიღებ მიუნხენში, გვექნება შეხვედრები და მზია ამაღლობელი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა" | ზურაბიშვილი მედიამენეჯერებს შეხვდა

პუბლიკა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მიუნხენში გამგზავრებამდე მედიამენეჯერებისგან მედიაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ზურაბიშვილის თქმით, მათ გზავნილებს მიუნხენში გააჟღერებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ტელევიზიების, ისე ონლაინ და რეგიონული მედიების წარმომადგენლები.

„ეს შეხვედრები, რაც მე დავიწყე, ერთის მხრივ მიმართული იქნება იმისკენ, რომ მიუნხენში, რომ წავალ, მხოლოდ მე კი არ წავიდე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ჩემთან ერთად წამოვიდეს საზოგადოება და მისი პრობლემები. ყველა კუთხით, რაც დღეს ამ ქვეყანაში არსებობს.

ამავე დროს ჩემი სურვილია, რომ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ირგვლივ, რომელიც ახლა შემჭიდროვებულია, შედგეს სხვადასხვა სეგმენტის პლატფორმები, რომლებიც იმუშავებენ ჩემთან ერთად. ამ კუთხით შევხვდი მაგალითად დიპლომატებს და ერთგვარი დიპლომატიური კლუბი შევქმენით და დღეს შევხვდი მედიამენეჯერებს, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ეს, რომ ერთად ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ გაძლიერდეს ქართული მედია იმ მომენტში, როცა მასზე არის  დიდი წნეხი. ყველა დიქტატურულ რეჟიმს, რომელიც ცდილობს რომ გამყარდეს, ჰყავს ორი სამიზნე – საზოგადოება და მედია […]

მე წავიღებ მათ გზავნილებს მიუნხენში, მაგრამ ეს ამით არ მთავრდება, ჩვენ გვექნება რეგულარული შეხვედრები და ცხადია, მზია ამაღლობელი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა. ის გახდა სიმბოლო სიტყვის თავისუფლების, წნეხის, რომელიც პირველ რიგში ვრცელდება რეგიონალურ მედიაზე, ალბათ, რუსული რეჟიმი თვლის, რომ რეგიონალური მედია უფრო სუსტია და იქ შეიძლება უფრო დაამყაროს თავისი გავლენა. ეს ასე არ იქნება, ჩვენ ერთად ვიქნებით და მე ყველას ერთად დავიცავ როგორც და სადაც შევძლებ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეხვედრაზე იმყოფებოდა „ბათუმელების” რედაქტორი, ეთერ თურაძე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მან განაცხადა, რომ საუბარი შეეხო მედიაში არსებულ პრობლემებს, მათ შორის გრანტებს, რომლის მოპოვებაც, თურაძის თქმით, „ჭირს”.

„სალომე ზურაბიშვილი დაგვპირდა, რომ ჩვენი ხმა ჩვენს პარტნიორებთან იქნებოდა, ვინც დაინტერესებულია და მედიის თავისუფლებას საქართველოში მხარს უჭერს. მას აინტერესებდა კონკრეტული აქტორების მოსმენა, თუ რა გამოწვევები არსებობს… ჩვენ მას ძალიან ბევრ საკითხზე ვესაუბრეთ, მათ შორის იმაზე, რომ ამერიკული გრანტები თითქმის შეწყდა და გრანტის მიმღები ორგანიზაციები ძალიან ცუდ დღეში არიან.

ასევე, ტელევიზიების შემთხვევაში, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ისინი ცუდ დღეში არიან. გრანტის მოძიება ჭირს. ასევე, ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება შიგნით გაერთიანება, რათა ნაკლები რესურსებით შევძლოთ ინფორმაციის გავრცელება. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ ახალ კანონპროექტებზე, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს გადაწყვეტილი, რომ მიიღოს. თუ მიიღებენ, ეს ძალიან შეზღუდავს მედიას. ამ მხრივ ასევე, საერთაშორისო საზოგადოების დახმარება გვჭირდება.

ზოგადად, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი, როგორც ჟურნალისტების სიცოცხლე და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში. იმიტომ, რომ ვართ სამიზნეები და ეს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, როდესაც ადამიანებს თავს დაესხნენ და ალბათ, ბედისწერა იყო, რომ ჟურნალისტები გადარჩნენ. ეს საშინელი კადრები ყველამ ვიცით.

ის, რომ მზია ამაღლობელი ციხეშია, ეს არის მართლაც წარმოუდგენელი „მესიჯი” ჩვენთვის, ყველა ჟურნალისტისთვის. ჩვენი, ყველას ბედი შეიძლება ეს იყოს. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ძალიან ღირებულ ინფორმაციას შეაგროვებს ჩვენს პარტნიორებთან ჩასატანად“, – განაცხადა თურაძემ.

მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს გაიმართება. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კონფერენციაა საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკისთვის. 1693 წლიდან ყოველწლიურად აქ თავს იყრიან პოლიტიკური, სამხედრო, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგდოების ლიდერები და გლობალური უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევებს განიხილავენ.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ იღებს „ქართული ოცნების“ მთავრობა. ამის შესახებ ინფორმაცია იანვარში გახდა ცნობილი.