გზების დეპარტამენტი: რიკოთზე პროექტის 86% უკვე შესრულებულია

პუბლიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86% შესრულებულია.

დეპარტამენტის განცხადებით, ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე გაჭრილია; პროექტით დაგეგმილი 97 ხიდიდან 81 ხიდი უკვე აშენებულია. ამასთან, 12 გვირაბით და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.

გასულ კვირას საპარლამენტო პარტია „ლელომ“ განაცხადა, რომ შოვში მომხდარი კატასტროფის შემდეგ აუცილებელია სამშენებლო პროექტების დაუყოვნებლივი მონიტორინგი, მათ შორის, პარტიამ რიკოთზე მიმდინარე პროექტი დაასახელა. „ლელოს“ ცნობით, მშენებლობა დარღვევებით მიმდინარეობს, დონორების გამოყოფილი ფული არამიზანშეწონილად იხარჯება, 10 ათასობით ადამიანი კი ყოველ დღე ამ გზას საფრთხის ქვეშ გადის. პარტიამ ხელისუფლებას მყისიერი მონიტორინგისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, „ლელომ“ გაავრცელა რიკოთის სხვადასხვა მონაკვეთზე მომუშავე კომპანიები და განაცხადა, რომ ისინი სხვადასხვა დანაშაულში თუ კორუფციულ სქემაშია ეჭვმიტანილი.

„ლელოს“ ხელისუფლებიდანაც უპასუხეს და პარტიის ბრალდებები უარყვეს.