ჰარცელი: ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია, ბურთი თითოეული ცალკეული ქვეყნის მოედანზეა

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა,  კარლ ჰარცელმა საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა. ჰარცელის თქმით, ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს შესახებ „ფხიზლად ყოფნის მომენტია“.

„როდესაც შედეგებს ვუყურებთ, არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ და ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. როგორც უკვე ვთქვი, ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია და როგორც ადრინდელი გაფართოების პროცესების ისტორიამ და გამოცდილებამ აჩვენა, საბოლოოდ, ბურთი თითოეული ცალკეული ქვეყნის მოედანზეა. იმ პროცესში, რამაც ევროკავშირში მკვეთრი გაფართოება და 2004 წელს 10 ახალი წევრის შეერთება გამოიწვია, განმცხადებლების უმეტესობას აღმავლობებისა და ჩავარდნების თავიანთი წილი შეხვდათ. ჯერ კიდევ 1997 წელს იყო სიტუაცია, როდესაც თავდაპირველად მათგან მხოლოდ 6-ს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ასე რომ, ამაში არაფერია ახალი და წარსული გამოცდილება აჩვენებს ფუნდამენტურ მხარეს. თქვენი ბედი საბოლოოდ, თქვენს ხელშია”, – განაცხადა ჰარცელმა.

17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ თანდართული პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღონ.

საქართველოს შემთხვევაში კი, ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოგვიანებით, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.