HCR: კეკელიძეზე გამოსახლების გაშუქებისას ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი უკანონოდ შეეშალათ

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ცენტის განცხადებით, 2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის გაშუქებისას ჟურნალისტებს საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი.

საუბარია იმაზეც, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან იყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებიც, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებს ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს.

ორგანიზაციის განცხადებით, საქმეზე მედიის ხუთ წარმომადგენელს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.

„2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ოჯახის გამოსახლების პროცესის გაშუქებისას, ჟურნალისტებს: ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს, რატი რატიანს, ზაზა ქარჩილაძეს და გიორგი არობელიძეს უკანონოდ შეეშალათ ხელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან გამოიკვეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, კერძოდ, ჟურნალისტებს ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს. ერთ-ერთ ჟურნალისტს არაერთხელ წაართვეს კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომლითაც ის ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას. ასევე, ძალადობის შედეგად, დაზიანდა ონლაინ მედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ძვირადღირებული კამერა და ტელეფონის დამჭერი.

თითოეულ ჟურნალისტს ჰქონდა შესაბამისი სამკერდე ნიშანი, რომელიც მიუთითებდა მათ პროფესიულ საქმიანობაზე. ამის მიუხედავად, სამართალდამცავების მხრიდან მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა არ შეწყვეტილა.

2024 წლის 28 თებერვალს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა მოითხოვა ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობა. შედეგად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მედიის ხუთივე წარმომადგენელს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი”, – ნათქვამია განცხადებაში.