ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის საქმე არის აღმაშფოთებელი – ის იმედს გამოთქვამს, რომ დაისჯებიან რეალური მოძალადეები და სამართალი აღსრულდება.
„რაც ბოლო 60 დღეა თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქებში ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია. ხელისუფლების მხრიდან 0 ნებაა, რომ მოუსმინონ ხალხს, რაც აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. საჭიროა არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნა. ხელისუფლებას დამატებითი პასუხისმგებლობა აკისრია მსგავსი გამოსავლის საპოვნელად – განგრძობითი დაშინება, ძალადობა, არაპროპორციული ძალის გამოყენება და სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაქრობა, ასევე, ქალბატონი მზია ამაღლობელის საქმე, არის აღმაშფოთებელი:
წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის ბრალდებით შუახნის ქალისთვის, რომელმაც თითქოს სცემა პოლიციელს. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მალე დასრულდება და ვინც რეალურად არის ძალადობაზე, ხალხის, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების დევნასა და ცემაზე პასუხისმგებელი, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და სამართალი აღსრულდება“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.
დამოუკიდებელი მედია „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მე-16 დღეა, შიმშილობს.
ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად.
მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი იყო. ზოგი იურისტი ფიქრობს, რომ ჟურნალისტისთვის ბრალდებად წარდგენილი მუხლი მის ქმედებას არ შეესაბამება.