ჰესები, რომლებიც ამ ხალხმა ააშენა, გვენგრევა თავზე, გვაზარალებს - გოლეთიანი კალაძეს პასუხობს

პუბლიკა

აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას პასუხობს. კალაძის განცხადებით, მას ეამაყება, რომ თავისი ენერგეტიკის მინისტრობის დროს ყველაზე მეტი ჰესი აშენდა.

„კახა კალაძე როცა ხდებოდა თბილისის მერი, მის საარჩევნო ბანერზე იყო გამოსახული შუახევი ჰესი, როგორც წარმატებული პროექტი მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში. შეგახსენებთ, ახლა რა მოხდა შუახევის ჰესზე და რამდენად წარმატებული პროექტია ის დღეს ჩვენს ენერგოსექტორში.

შუახევი ჰესი დასრულდა 2017 წელს. მშენებლობის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ მისი სადერივაციო გვირაბი 6 ადგილზე ჩიანგრა. დამატებით მისი შეკეთება დაჯდა 200 მილიონი, რამაც ისე გააძვირა პროექტის ღირებულება (და სხვათა შორის, ეს ჩვენი ჯიბეებიდან ისე გადავიხადეთ, ალბათ არცერთ ჩვენგანს ეს არ გაგვიგია), რომ დაკარგა რენტაბელობა. ამიტომ დღეს უკვე გვაქვს ასეთი სურათი: შუახევი ჰესი, მაგალითად, ვიცით, რომ არის 148 მეგავატი სიმძლავრის, რომელმაც წინა თვეში გამოიმუშავა 11 მეგავატი, წინა თვეში ცოტა უფრო მეტი. ყოველ შემთხვევაში ვხედავთ, რომ, რასაც ახლა ბატონი კახა ამბობს, რომ რაციონალურად უნდა მოხდეს ათვისება, რესურსების ამ ნაწილში ვეთანხმებით. მაგრამ არ არიან ისინი  რაციონალურად რესურსების ამთვისებელი ხალხი. ეს არის აქ მთელი პრობლემა და რაზეც ვამახვილებთ ჩვენ ყურადღებას მთელი ეს პერიოდია – ჰესები, რომლებიც ააშენა ამ ხალხმა, გვენგრევა თავზე, გვაზარალებს და უამრავ პრობლემას უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას“,- განაცხადა გოლეთიანმა.

დღეს თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნამახვანჰესის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ქვეყანაში რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს.

„ჩემი პოზიცია ასეთია – შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში. მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იყოს გამოყენებული ის რესურსები, რომლებიც ქვეყანას აქვს იმისთვის, რომ მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. ეს, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდია, პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენი რესურსები იყოს სწორად გამოყენებული“, – განაცხადა კალაძემ.