ნამახვანჰესი ჩემი მინისტრობის დროს რომ ყოფილიყო, უკვე აშენებულიც იქნებოდა - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნამახვანჰესის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ქვეყანაში რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს.

„ჩემი პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში. მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იყოს გამოყენებული ის რესურსები, რომლებიც ქვეყანას აქვს იმისთვის, რომ მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. ეს, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდია, პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენი რესურსები იყოს სწორად გამოყენებული“, – განაცხადა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეამაყება, თავისი ენერგეტიკის მინისტრობის დროს ყველაზე მეტი ჰესი რომ აშენდა.

„ნამახვანჰესი ჩემი მინისტრობის დროს არ ყოფილა, რომ ყოფილიყო უკვე აშენებულიც იქნებოდა“, – დასძინა მან.