„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ომში ახალ, „ესკალაციურ ფაზაზე“ გადადის

პუბლიკა

დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელთან ომში იწყებს „ახალ და ესკალაციურ ფაზას“. განცხადებაში, რომელიც Telegram-ზე გავრცელდა არ იყო ნახსენები „ჰამასის“ ლიდერი, იაჰია სინვარი. 62 წლის სინვარი ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით (IDF), ისრაელის ჯარებმა სამხრეთ ღაზაში ოთხშაბათს მოკლეს.

ისრაელის სამხედროებმა ასევე გაავრცელეს დრონით გადაღებული კადრები, რომლებიც, მათი თქმით, სინვარის ბოლო მომენტებს ასახავს.

მისი სიკვდილი ერთწლიანი ომის საკვანძო მომენტია. ირანმა განაცხადა, რომ მომხდარი გააძლიერებს „წინააღმდეგობის სულისკვეთებას“.

შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა თქვეს, რომ სინვარის სიკვდილი, რომელიც მიიჩნევა 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის ორგანიზატორად, იძლევა ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ომი გაგრძელდება მძევლების დაბრუნებამდე.

„ძვირფასო მძევლების ოჯახებო, ვამბობ: ეს არის ომის მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენ მთელი ძალით გავაგრძელებთ მანამ, სანამ ყველა თქვენი საყვარელი ადამიანები, ჩვენი საყვარელი ადამიანები სახლში არ იქნებიან“, – თქვა ნეთანიაჰუმ.

7 ოქტომბრის თავდასხმას 1200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 250 კი მძევლად აიყვანეს. ომის შემდეგ განადგურდა „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორის დიდი ნაწილი და მოკვდა 42000-ზე მეტი პალესტინელი, ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების ცნობით.