ქუთაისში ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მოძრაობა – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტის მირზა ნოზაძის თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი პოზიტიური მხარე მათთვის იყო ის, რომ მთავრობის წარმომადგენლები ჰიპოთეტურად ჰესის არაშენების ვერსიასაც განიხლავენ.
„რა თქმა უნდა, პოზიტიურია მათი მხრიდან იმის აღიარება, რომ ჰიპოთეტურად ისინი განიხილავენ ჰესის არაშენების ვერსიასაც, თუ რა თქმა უნდა, ვერ დადასტურდება ამ პროექტის მიზანშეწონილობა. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან პოზიტიური ნაწილი“, – განაცხადა ნოზაძემ.
მისი თქმით, ასევე შეხვედრაზე ისაუბრეს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წარმართულ პროპაგანდაზე და მთავრობის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მათ წინააღმდეგ აგორებული კამპანია უნდა შეწყდეს.
„მათ ისიც დაინახეს და შეთანხმდნენ თვითონაც, რომ ჩვენ არ ვართ ის პროტესტი, რომელთაც მოელაპარაკებიან და დაალაგებენ რამეს, გარდა ჭეშმარიტი განხილვისა ამ პროტესტის არსის. მათ აღიარეს, რომ ჩვენი მარგინალიზება და ის პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობდა, შეწყდება და არ გაგრძელდება. რადგან ისინი სცნობენ ამ პროტესტის სულისკვეთებას“, – თქვა მირზა ნოზაძემ.
ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებმა გუშინ ქუთაისში გადაინაცვლეს და წუხანდელი ღამე იქ გაათიეს. დღეს დილიდან კი აქციამ ისევ გუმათჰესთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციას რკინის ღობით აქვს ნამოხვანისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი.
საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, ასევე დეპუტატები, სოზარ სუბარი, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, დიმიტრი სამხარაძე, გოჩა ენუქიძე და გოდერძი ჩანქსელიანი.
რიონის ხეობის მცველებმა ქუთაისში ჩასვლის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, გოლეთიანის თქმით, მხოლოდ იმ პირობით რომ შეხვედრა იქნებოდა საჯარო და ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგი არ შედგებოდა, თუკი საჯაროობისთვის, როგორც მინიმუმ, შეხვედრის ვიდეოჩანაწერი არ გაკეთდებოდა, რაზეც მთავრობის წარმომადგენლები დათანხმდნენ.
შეხვედრის დაწყებამდე კი გოლეთიანმა განაცხადა, რომ დღეს საუბარი ვერ შედგებოდა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ შინაარსობრივ საკითხებზე და მოლაპარაკება უფრო მეტად დიალოგის ფორმას შეეხებოდა.
„რაც შეეხება დღევანდელ საუბარს, დღევანდელი საუბარი არ იქნება შინაარსობრივი. იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ არ ვისაუბრებთ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე.
უბრალოდ, საპატრიარქოს მოწოდებაც იყო ის, რომ მხარეები დამსხდარიყვნენ დიალოგისთვის. ამიტომ ტექნიკურ დეტალებზე შევთანხმდებით, თუ გაგრძელდება დიალოგი, რა ფორმატში და როგორ გაგრძელდეს ეს დიალოგი“, – თქვა შეხვედრის დაწყებამდე გოლეთიანმა.