ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები შორს დგანან აქციის მშვიდობიანი ფორმებისგან - „თანასწორობის მოძრაობა"

პუბლიკა

„თანასწორობის მოძრაობა” შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაიცვას „და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოსეანსებზე დამსწრეთა უსაფრთხოება.

„ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია. გაიყიდა ყველა ბილეთი. ამ ფონზე, ჰომოფობიური ჯგუფები ემზადებიან მანიფესტაციის გამართვისთვის, აპირებენ კინოთეატრების გადაკეტვას, რაც ზრდის საფრთხეს, რომ თავს დაესხმებიან ფილმზე დასასწრებად მისულ ადამიანებს. მათ, საპატრიარქოსთან აფილირებულ ჯგუფებს, ზურგს უმაგრებს, ეკლესიის პრესმდივნის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაც, რომ ისინი პროტესტით ხვდებიან ფილმის პრემიერას.

ვთვლით, რომ ჰომოფობიურად განწყობილ ჯგუფები, მიუხედავად მათი სურვილისა „მაჰათმა განდის მშვიდობიანი მეთოდებით” პროტესტს მიმართონ, შორს დგანან მანიფესტაციის მშვიდობიანი ფორმებისგან. ისინი ხშირად პოლიციასთან კონფრონტაციასაც კი არ ერიდებიან. რაც არაერთხელ დადასტურებულა (12-13 მაისი 2019, 17 მაისი).

დაძაბულ მდგომარეობაზე მიუთითებს ისიც, რომ საქართველოში გამართულ პრემიერას ვერ დაესწრებიან მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობები, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.

არსებულ ვითარებაში, გადამწყვეტი როლი ეკისრება სამართალდამცავ სტრუქტურებს, შეძლებენ თუ არა, რომ დაიცვან მოქალაქეების უსაფრთხოება და უფლება, რომ აუდიტორიამ შეძლოს იმ კინოჩვენებაზე დასწრება, რომლის ნახვის სურვილიც აქვს. კიდევ ერთხელ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება გაუძლოს ფსევდორელიგიური და ფსევდოტრადიციული ჯგუფების ზეწოლას და დაიცვას სეკულარული დემოკრატიის პრინციპები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბუნდოვანი განმარტებებიდან გამომდინარე, რომ ისინი „კანონის ფარგლებში იმოქმედებენ”, იმედს ვიტოვებთ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ადეკვატურად შეაფასებენ მოცემულ ვითარებას და დაიცავენ ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს”,  – ნათქვამია განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile