HRC ბექა გრიგორიადისის კარვის გაშლისთვის დაჯარიმებას სააპელაციოში მეორედ ასაჩივრებს

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) კიდევ ერთხელ მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით და მოითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ნინო ენუქიძის გადაწყვეტილება, რომლითაც საპროტესტო აქციაზე კარვის გაშლის გამო ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და 2000 ლარით დაჯარიმდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლები 28 მაისს ბექა გრიგორიადისს თავს დაესხნენ, როდესაც ის პარლამენტის შენობიდან 20 მეტრით დაშორებულ უორდროპების სკვერში კარვის გაშლას ცდილობდა. იგივე გამეორდა 29 მაისსაც.

„კარვის გაშლამდე და მის ჩამორთმევამდე პოლიციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოწოდებას, რომ გრიგორიადისი დამორჩილებოდა პოლიციელთა მითითებებს. ამასთან, კარვის, როგორც საკუთრების ჩამორთმევისას, პოლიციელებს ბექა გრიგორიადისისთვის არ განუმარტავთ მისი ჩამორთმევის და შემდეგში უკან დაბრუნების პროცედურა“, – აღნიშნავს ადამიანის უფლებათა ცენტრი.

HRC განმარტავს, რომ 1 ივნისის ღამით, როდესაც გრიგორიადისს კვლავ არ მისცეს კარვის გაშლის უფლება და დააკავეს, გრიგორიადისმა და მისმა მხარდაჭერებმა რუპორით მიმართეს პოლიციას წინასწარ და აღნიშნეს, რომ აპირებდნენ კარვის გაშლას, ხოლო პოლიციას საპასუხოდ მათთვის ეს არ აუკრძალავთ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის თქმით, შსს-ს წარმომადგენლებმა 2 ივნისს გამართულ სასამართლო პროცესზე პირველად გამოიყენეს არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ კარვის, როგორც მსუბუქი კონსტრუქციის განთავსება იწვევს თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებურ შეცვლას.

„პროტესტის გამოხატვის მიზნით კარვის გაშლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა რაიმე სახის შეზღუდვას არ ადგენს. დღემდე არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც აკრძალავდა კარვის სკვერში განთავსებას. კანონმდებლობით აკრძალული არ არის კარვის გაშლა სკვერში ან ისეთ ადგილზე, რომლითაც არ იქმნება ტრანსპორტის სავალის ნაწილის გადაკეტვის თუ ადმინისტრაციული შენობის პარალიზების საშიშროება. შესაბამისად, პოლიციის მიერ სკვერში კარვის გაშლის აკრძალვა კანონსაწინააღმდეგოა“, – ნათქვამია HRC-ის განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობდა დაკავების უწყვეტი ვიდეოკადრი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სრულად გაიზიარა პოლიციელის ჩვენება, რომელიც არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას, რომელიც საფუძვლად შეიძლება დაედოს პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას და 2000 ლარით მის დაჯარიმებას.

სასამართლოს გადაწყვეტილება ბექა გრიგორიადისმა და ადამიანის უფლებათა ცენტრმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნა ხელახალი განხილვისათვის. ამავე დროს მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოს საქმე კომპლექსურად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჭრილში უნდა განეხილა“, – ნათქვამია განცხადებაში.

HRC-ის ცნობით, სააპელაციო სასამართლოს მითითების მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე კვლავ ფორმალურად განიხილა 27 სექტემბერს და ისევ იგივე გადაწყვეტილება მიიღო – კარვის გაშლა სამართალდარღვევად მიიჩნია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, ისინი ამ გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს.