HRC და EMC რუსეთში ექსტრადირებულ რამზან ახიადოვზე საჯარო ინფორმაციის მისაღებად სასამართლოს მიმართავს

პუბლიკა

ორი უფლებადამცველი ორგანიზაცია – ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იუსტიციის სამინისტროსგან რამზან ახიადოვის შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით  სასამართლოს მიმართავს.

ორგანიზაციებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით 20 დეკემბერს მიმართეს – მას შემდეგ, რაც სამინისტრომ რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებული ეთნიკურად ჩეჩენი პატიმრის, რამზან ახიადოვის თაობაზე გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა.

ორგანიზაციების განცხადებით,  2019 წლის 8 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა  იუსტიციის მინისტრს, მიეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, განახორციელა თუ არა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მინისტრის მიერ დაპირებული მონიტორინგი, თუ რამდენად სრულდება რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული სამართლებრივი გარანტიები რამზან ახიადოვის მიმართ.

„მას შემდეგ, რაც სამინისტრომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ გასცა 10 დღის ვადაში, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი, 2019 წლის 22 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა კიდევ ერთხელ მიმართა იუსტიციის მინისტრს, საჯარო ინფორმაციის გაცემის თხოვნით. კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვდა პასუხს მნიშვნელოვან კითხვებზე: საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციიდან გამოითხოვა თუ არა ინფორმაცია, რა პირობებში იმყოფება დღეისათვის რამზან ახიადოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის საპატიმროში და რამდენად სრულდება რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული სამართლებრივი გარანტიები. მინისტრმა (სამინისტრომ) ამჯერადაც დაარღვია საჯარო ინფორმაციის მოწოდების ათდღიანი ვადა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე, ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის თქმით, მათ 2019 წლის 2 ოქტომბერს, წერილობით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რათა მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ცნობილია თუ არა რამზან ახიადოვის ადგილსამყოფელი, მიღებულია თუ არა რუსეთის ფედერაციისგან შესაბამისი მტკიცებულებები (რა სახის მტკიცებულება), რომ ექსტრადირების შემდგომ რამზან ახიადოვი არ დაექვემდებარა წამებას ან არასათანადო მოპყრობას. ორგანიზაციას სამინისტროდან პასუხი დღემდე არ მიუღია.

მათი თქმით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის – ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა. კანონის ამ მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მინისტრს არცერთ გაგზავნილ წერილზე პასუხი არ გაუცია, რითაც დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მოუწოდებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დროულად გასცეს საჯარო ინფორმაცია 2019 წლის 19 სექტემბერს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებული პატიმრის, რამზან ახიადოვის საპატიმრო პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრმა წარმოადგინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის წარმოდგენილი ე.წ. გარანტიების შესრულების მონიტორინგის დამადასტურებელი დოკუმენტაცია”, – ნათქვამია მათ განცხადებაში.


2019 წლის 19 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოში მცხოვრები, ეთნიკური ჩეჩენი რამზან ახიადოვის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირება მოხდა.

EMC-ის შეფასებით, აღნიშნულ საქმეში საქართველოს სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკი და ამ პირობებში ექსტრადიციის დაუშვებლობის პრინციპი და წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან დაცვის აბსოლუტური უფლება დაარღვია.

„რამზან ახიადოვი 2017 წლიდან ამ დრომდე ქუთაისში ცოლსა და ოთხ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. 2018 წლის დეკემბერში იგი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, რადგან რუსეთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით, იგი იძებნებოდა ტერორისტული მოქმედებების ხელშეწყობის, არაკანონიერ შეიარაღებულ დაჯგუფებაში მონაწილეობის ტერორისტული ორგანიზაციის მოქმედებების ორგანიზებისა და მსგავს მოქმედებებში მონაწილეობის მიღებისთვის. კერძოდ, რუსეთის ფედერაცია მიუთითებდა, რომ რამზან ახიადოვი 2013-2014 წლებში გაემგზავრა სირიაში და შეუერთდა „ისლამურ სახელმწიფოს”. ამის საპირისპიროდ, რამზან ახიადოვმა დაკავებისთანავე განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგან 2013-2017 წლებში, იგი თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობდა და მუშაობდა, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები მან სასამართლოს წარუდგინა კიდეც. ამასთან დაკავებული განმარტავდა, რომ ის იდევნებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რამზან კადიროვის კრიტიკის გამო, რის გამოც ის იძულებული გახდა საცხოვრებლად თურქეთში გადასულიყო. გასაუბრების ოქმში ახიადოვი კადიროვის მხრიდან შევიწროების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე უთითებდა და ამ ფაქტების დასადასტურებლად, მისი ოჯახის წევრების გამოკითხვას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა”, – წერდა EMC.