HRHF რუსულ კანონზე: შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეუქცევადად დაზიანება

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის ხელმომწერი წევრები შეშფოთებას გამოხატავენ რუსული კანონის მობრუნებასთან დაკავშირებით და მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეასრულონ პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულებები და უარი თქვან კანონმდებლობაზე, რომელიც პირდაპირაა გადმოღებული რუსეთიდან.

ორგანიზაციების განცხადებით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებს და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობის შეზღუდვის საფრთხეს ქმნის.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, პატივი სცენ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიცვან თავისუფალი და დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი და უარი თქვან კანონპროექტზე, რომელსაც შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეუქცევადი დაზიანება.

განცახდებას ხელს აწერს 30-მდე წევრი ორგანიზაცია – ისინი შეშფოთებას გამოხატავენ ბოსნია და ჰერცეგოვინაში სერბსკას რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში მსგავსი კანონის მეორე მოსმენით დაგეგმილი განხილვის გამო.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.