ისრაელი 1.1 მილიონ პალესტინელს ღაზის ჩრდილოეთ ნაწილის დასატოვებლად 24 საათს აძლევს

პუბლიკა

ისრაელი ბლოკადაში მოქცეულ პალესტინელებს მოუწოდებს, 24 საათში დატოვონ ტერიტორია და სექტორის სამხრეთ ნაწილში გადავიდნენ. მოწოდება 1.1 მილიონ ადამიანს ეხება.

გაეროს განცხადებით, ეს შეუძლებელია „დიდი ჰუმანიტარული სირთულეების გარეშე”.

გაეროსვე განცხადებით, ღაზის სექტორში დევნილად იქცა 423 000 ადამიანი. ეს ბლოკადაში მყოფი მოსახლეობის 20%-ზე მეტია.

ღაზაში, ჯამში 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

თავის მხრივ, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი”, რომელსაც სექტორზე კონტროლი აქვს აღებული, ისრაელის განცხადებას „ფეიკს” უწოდებს და მოსახლეობას ეუბნება, არ გაითვალისწინონ ის.

პალესტინელებს ღაზის სექტორიდან წასასვლელი არსად აქვთ. ეგვიპტემ ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობაზე უარი თქვა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღამით ღაზის ჩრდილოეთ ნაწილზე 750 „საბრძოლო სამიზნე” დაბომბეს.

IDF აცხადებს, რომ ათეულობით გამანადგურებელმა იერიში მიიტანა “ჰამასის ტერორისტულ მიწისქვეშა გვირაბებზე, სამხედრო შენაერთებსა და პოზიციებზე, ადგილებზე, რომლებიც სამხედრო სამეთაურო ცენტრებად გამოიყენებოდა, იარაღის შესანახი საწყობებსა და მეთაურ ტერორისტებზე”.

თავის მხრივ, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა განაცხადა, რომ ისრაელის დაბომბვას ისრაელელი 13 ტყვე ემსხვერპლა.

გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისმა (OCHA) განაცხადა, რომ იძულებით გადაადგილებულთა ორ მესამედზე მეტი თავს აფარებს სკოლებს, რომლებსაც გაეროს დახმარებისა და მუშაობის სააგენტო (UNWRA) მართავს.

OCHA ასევე აცხადებს, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციები „შეშფოთებულები არიან იმ ინციდენტებთან დაკავშირებით, როცა სამოქალაქო პირები და სამოქალაქო ობიექტები ისრაელის საჰარეო თავდასხმების უშუალო სამიზნეა”.

მსოფლიო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International ისრაელის ქმედებებს, „კოლექტიურად დასაჯოს” ღაზის მცხოვრებლები, ომის დანაშაულად აფასებს.

ორგანიზაციის განცხადებით, ისრაელის გადაწყვეტილება, ბლოკადაში მოაქციოს ღაზის სექტორი და დატოვოს ის საკვების, საწვავის და ელექტროენერგიის გარეშე, ჰუმანიტარულ კატასტროფას გაამწვავებს.

„ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის კოლექტიური დასჯა უტოლდება ომის დანაშაულს – ეს არის სასტიკი და არაადამიანური“. – ნათქვამია განცხადებაში.

Amnesty ხაზს უსვამს, რომ მშვიდობიანი პალესტინელი მოქალაქეები არ არიან პასუხისმგებელი ჰამასის და სხვა პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფებების დანაშაულებებზე და ისრაელმა არ უნდა დააზარალოს ისინი საერთაშორისო სამართლის მიხედვით იმ ქმედებებისთვის, რომლებშიც ისინი არ თამაშობენ და ვერ აკონტროლებენ“.

Amnesty მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, „იმუშაოს ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობის საკითხზე შეთანხმების მისაღწევად.

„Amnesty International იმეორებს, რომ მშვიდობიანი პალესტინელი მოქალაქეები არ არიან პასუხისმგებელი ჰამასის და პალესტინის სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების დანაშაულებებზე და ისრაელმა, საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად, არ უნდა აიძულოს ისინი, დაიტანჯონ იმ მოქმედებებისთვის, რომლებშიც არ მონაწილეობენ და ვერც აკონტროლებენ”.

არ უნდა დააზარალოს ისინი საერთაშორისო სამართლის მიხედვით იმ ქმედებებისთვის, რომლებშიც ისინი არ თამაშობენ და ვერ აკონტროლებენ“.

კიდევ ერთი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, Human Righst Watch კი აცხადებს, რომ ისრაელმა ღაზასა და ლიბანში მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი თეთრი ფოსფორი გამოიყენა.

„Human Rights Watch-მა გადაამოწმა ლიბანსა და ღაზაში 2023 წლის 10 და 11 ოქტომბერს გადაღებული ვიდეოები. მათში ჩანს არტილერიით ნასროლი თეთრი ფოსფორის მრავალჯერადი აფეთქება ქალაქი ღაზის პორტსა და ორ სოფელშ ისრაელ-ლიბანის საზღვრის გასწვრივ. ასევე, გამოკთხა 2 ადამიანი”. – აცხადებს ორგანიზაცია.

თეთრმა ფოსფორმა შესაძლოა სხვადასხვა საგნების დაწვა გამოიწვიოს, ასევე, დაწვას ადამიანები.

HRW-ის განცხადებით: „ღაზის სექტორში – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილას თეთრი ფოსფორის გამოყენება არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აკრძალვებს მშვიდობიანი მოსახლეობის არასაჭირო რისკის ქვეშ დაყენების შესახებ”.


7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი შესრულდა, ამასთან, იყო შაბათი – ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს შემთხვევითობა არ არის.

„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა ანტიტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და კონტრშეტევებსაც ახორციელებს. მობილიზებულია 300 ათასზე მეტი რეზერვისტი.