იაგო ხვიჩია განმარტავს, როგორ მოხვდა რიგითი მოქალაქე „გირჩის“ პარტიულ სიაში

პუბლიკა

„ეს არის მანკიერი საარჩევნო კანონმდებლობის დამსახურება. ძლივს ყურადღება მიიქცია ამ თემამ… რამდენი ხანი ვცდილობდით.. საჯაროდ ლაივში გავედით და ყურადღება არ მოგვაქციეს. რა გვარია ეგ კოკა? კაპანაძე – მაგარი ჯიგარია ეგ ბიჭი“, – ასე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია მოქალაქე კოკა კაპანაძის Facebook-პოსტს.

კოკა კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია „გირჩმა“ მისი ნებართვის გარეშე პარტიული სიის ქარელის მუნიციპალიტეტის მეოთხე ნომრად. როგორც მოქალაქე აცხადებს, მას არანაირი შეხება არც „გირჩთან“ და არც ქარელთან არასდროს ჰქონია. „რა პრინციპით და როგორ მოხდა ჩემი პირადი მონაცემების ამოღება და ჩემი თანხმობის გარეშე სიაში ჩემი ჩასმა გაუგებარია“, – წერს კაპანაძე.

როგორც იაგო ხვიჩია „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მოქალაქე საკუთარ თავს რომელიმე პარტიის სიაში პოულობს. მან განმარტა, თუ როგორ მოხვდა რიგითი მოქალაქე პარტიულ სიაში.

„არის ასეთი სიტუაცია: ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, შენ რომ მონაწილეობა მიიღო რომელიმე რაიონში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ამისთვის საჭიროა, რომ შეავსო 30-35-კაციანი სია. თუ ამ სიას არ შეავსებ, საერთოდ ვერ მიიღებ არჩევნებში მონაწილეობას. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ერთი კანდიდატი გყავს და ერთი კაცის გაყვანას ცდილობ, ვერ დააყენებ. უნდა დააყენო სრული სია – დაახლოები 30-კაციანი შემადგენლობით.

ეს ყველამ, ყველა პარტიამ იცის, რომ არის ფორმალობა. ჩვენ, მაგალითად, ერთი ან ორი კაცის იმედი გვაქვს სხვადასხვა რაიონებში და შესაბამისად, მთელი დანარჩენი სია პირველი ორი კაცის გარდა არის სრულიად ტექნიკური. ეს ტექნიკური სია დგება საქართველოში ყველა პარტიის მიერ ერთნაირად“, – ამბობს ხვიჩია.

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, ზოგიერთმა პარტიამ თავიანთი სია „გირჩს“ მისცა, რომ ტექნიკური სიის შევსებაში დახმარებოდა. „ჩვენ რომ დაგვრჩა, სხვა პარტიას მივეცით“, – ამბობს „გირჩის“ ლიდერი.

„გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა აქცია გამოცხადებული იმისთვის, რომ ყურადღება მიგვექცია ამ პრობლემისთვის – საჯაროდ გამოვაცხადეთ, რომ ვიბარებდით პასპორტებს 5 ლარად. შესაბამისად, ვიღაც ადამიანებმა გამოგვიგზავნეს სიები – თავიანთი ნაცნობების, ვიღაცის, კაცმა არ იცის ვისი. ზოგიერთი გარდაცვლილიც კი იყო. 5 ლარი უნდოდათ ადამიანებს მიეღოთ. ეს იცის ყველამ საქართველოში. არავინ არ ცვლის.

ამის საჯაროდ გაკეთებით გვინდოდა ყურადღება მიგვექცია ამის აბსურდულობაზე. ეს ერთი შემთხვევა კი არ იყო მხოლოდ, უფრო მნიშვნელოვანი შემთხვევებიც იყო – „ქართული ოცნების“ რეალური კანდიდატები აღმოჩნდნენ სიაში, „ოცნების“ სიაში აღმოჩნდნენ ვიღაცის კანდიდატები. ვაშაძის სიაში ასევე ვიღაცები. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი“, – ამბობს იაგო ხვიჩია.

„პუბლიკის“ შეკითხვაზე, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს პარტიულ სიაში ყოფნაზე პრეტენზია აქვს, დეპუტატი გვპასუხობს:

„პრეტენზია ჩვენთან იცი რამდენ ადამიანს აქვს ?! რა გავაკეთოთ? ასე ხდება ქართულ პოლიტიკაში. მარტო ჩემი სია კი არ არის. ყველა პარტიის სია ასეთია. ჩვენთვისაც კი არ ყოფილა ეს პირველი შემთხვევა. საჯაროდ გამოვითხოვეთ პასპორტები – 5 ლარს ვიხდიდით. რომელიღაცა პასპორტები შევიტანეთ [სიაში], მაგრამ ამით არავის ზიანი არ მიადგება.

მოვითხოვე პასპორტები 1500 ადამიანის პასპორტი მჭირდებოდა, რომ არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა. 1500 ადამიანის პასპორტს საიდან მოვიტანდი? ვუთხარი, რომ ხალხო, ვინც პასპორტს გამომიგზავნით ამ მიზნით, მოგცემთ 5 ლარს – ადამიანებმა გამომიგზავნეს პასპორტი – ზოგმა თავისი, ზოგმა მეგობრის, ზოგმა ვიღაცის – ასე აღმოჩნდა ეს ხალხი სიაში“, – ამბობს ხვიჩია.