იაპონიამ „რემდესივირი“ Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატად დაამტკიცა

პუბლიკა

იაპონიამ „გილეადის“ შექმნილი მედიკამენტი „რემდესივირი“ Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატად დაამტკიცა. ის იქნება პირველი ავტორიზებული მედიკამენტი, რომლითაც კორონავირუსული ინფექციის მკურნალობას შეეცდებიან.

იაპონიამ ეს გადაწყვეტილება ფარმაცევტული კომპანიის მიერ ნებართვის მოთხოვნიდან სამ დღეში მიიღო. „აქამდე კორონავირუსის წინააღმდეგ არც ერთი მედიკამენტი არ არსებობდა. ასე რომ, ამ მედიკამენტის დამტკიცება მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – განაცხადა იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

Covid-19-ის წინააღმდეგ მსოფლიოში, ჯერჯერობით, არც ერთი წამალი არ გამოიყენება, მასობრივად. „რემდესივირი“ პირველია, რომლის სამკურნალო პრეპარატად შესაძლო მიღებაზე დისკუსია დაიწყო. გასულ კვირას აშშ-ის მედიკამენტებისა და საკვების ადმინისტრაციამ „რემდესივირი“ საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისთვის დაამტკიცა.

„გილეადი“ კი ამტკიცებს, რომ პრეპარატი კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს გამოჯანმართელებაში ეხმარება. მათ წარმოადგინეს მონაცემებიც, რომელთა მიხედვითაც, მისი ეფექტიანობა კიდევ უფრო იზრდება, თუ ინფექციის დაწყებიდან მალევე გამოიყენებენ.

იაპონიაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 16 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 800-მდე ადამიანი გარდაიცვალა. მართალია, სხვა დიდ ქვეყნებთან შედარებით, იაპონიაში კორონავირუსის ბევრად ნაკლები შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა ბოლო დროს ვირუსის გავრცელების ტემპმა იმატა. საავადმყოფოების გადატვირთვისგან თავის აცილებას კი ქვეყანაში „რემდესივირის“ გამოყენებით შეეცდებიან.